მიქაუტაძეს ინგლისში იწვევენ - „ბარნლი“ მზადაა, 5 მილიონი გადაიხადოს #1TVSPORT
ჩემპიონშიპის წარმომადგენლის, „ბარნლის“ ბოსი ვინსენტ კომპანი მზად არის 5 მილიონი ფუნტი შესთავაზოს „მეცს“ გიორგი მიქაუტაძის ტრანსფერში – ქართველი თავდამსხმელის შესახებ ინფორმაციას lancs.live ავრცელებს.
„მიქაუტაძემ ბოლო ორი სეზონი იჯარით ბელგიურ გუნდ „სერენში“ გაატარა და 49 მატჩში 28 გოლი გაიტანა. მან სამჯერ ითამაშა „მეცის“ შემადგენლობაში, გაიტანა ერთი გოლი.
„ბარნლი“ იმედოვნებს „მეცთან“ მალე შეთანხმდეს, მიუხედავად იმისა, რომ საფრანგეთის ლიგა 2-ის გუნდი ორმაგ თანხას მოითხოვს. მიქაუტაძე 21 წლისაა, დაიბადა ლიონში. მისი დებიუტი „მეცში“ 2019 წლის 7 დეკემბერს შედგა, სამი წლის შემდეგ, რაც ფრანგულმა კლუბმა ის სენ-პრიესტის ახალგაზრდული აკადემიიდან წამოიყვანა.
მას „მეცთან“ კონტრაქტი 2025 წლამდე აქვს. ასე რომ, ფრანგები მიიღებენ ღირსეულ საფასურს. „ბარნლის“ კი აქვს ფული მაქსველ კორნეტის, ნათან კოლინზის და ნიკ პოპის ზაფხულის ტრანსფერების შემდეგ. მიქაუტაძემ საქართველოს ნაკრებში ჩატარებულ ცხრა მატჩში ორი გოლი გაიტანა რუმინეთთან და გიბრალტართან.
ბარნლიმ ამ ზაფხულს 12 ფეხბურთელით გააძლიერა შემადგენლობა. გასულ კვირას თავდამსხმელის შესახებ შეკითხვაზე კომპანიმ თქვა: „ჩვენ ახლა ყველაზე ძვირადღირებულ ბაზარზე არ ვმუშაობთ. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია სწორი გათვლა. მიტროვიჩი ყველას უნდა, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია იმავე შედეგს ნაკლები დანახარჯით მივაღწიოთ“, – წერს გამოცემა.