მიქაუტაძეს გოლი არ ჩაუთვალეს - „მეცმა“ „კანთან“ ქულები დაკარგა #1TVSPORT
გიორგი მიქაუტაძემ მოედანი უგოლოდ დატოვა, „მეცმა“ კი საფრანგეთის ლიგა 2-ის შეხვედრაში „კანთან“ მხოლოდ ქულა მოიპოვა 0:0.
ლიგა 2-ის 23-ე ტურის შეხვედრაში ქართველი თავდამსხმელი „მეცში“ ყველაზე აქტიური იყო და დასაწყისში, მე-8 წუთზე გაიტანა, მაგრამ თამაშგარე დაუფიქსირეს და გოლი არ ჩათვალეს. ამას მიქაუტაძის და „მეცის“ პროტესტი მოჰყვა, რადგან არბიტრის გადაწყვეტილებას უსამართლოდ თვლიდნენ, მაგრამ მას გადაწყვეტილება არ შეუცვლია.
22-ე და 35-ე წუთებზე გიორგის „კანის“ კარის აღების რეალური შანსი მიეცა, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწია. ქართველი თავდამსხმელი შესვენების შემდეგაც არ გაჩერებულა, მაგრამ თავის გამოჩენას უშედეგოდ ცდილობდა: 59-ე წუთზე მეკარეს ვერ აჯობა, 89-ე წუთზე კი ბურთს მცველი გადაეფარა და მიქაუტაძემ მოედანი უგოლოდ დატოვა.
„მეცმა“ 23 ტურის შემდეგ 37 ქულა დააგროვა, მე-4 პოზიციაზეა და მნიშვნელოვანი ქულების დაკარგვით ზურიკო დავითაშვილის „ბორდოსთან“ (39) დაწევის შანსი ხელიდან გაუშვა.