მიქაუტაძეს ახალი მწვრთნელი დაუნიშნეს - „აიაქსს“ დროებით ჯონ ვან სხიპი უხელმძღვანელებს #1TVSPORT
გიორგი მიქაუტაძის კლუბის, „აიაქსის“ მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებლად ჯონ ვან სხიპი დანიშნა. ამსტერდამული გუნდის ყოფილმა მოთამაშემ გააფორმა ხელშეკრულება, რომელიც გაგრძელდება 2023 წლის 30 ოქტომბრიდან 2025 წლის 30 ივნისამდე. ვან სხიპი და „აიაქსი“ შეთანხმდნენ, რომ ის ტექნიკური მენეჯერის თანამდებობას 2024 წლის პირველი ივლისიდან დაიკავებს.
თელ-ავივის „ჰაპოელის“ მთავარი მწვრთნელი მაიკლ ვალკანისი ასისტენტად დაინიშნა. ავსტრალიელი ადრე მუშაობდა ვან სხიპთან საბერძნეთის ნაკრებში, „მელბურნ სიტიში“ და „ზვოლეში“. ჰედვიგ მადურო, რომელმაც მთავარი მწვრთნელის პოსტი გასულ კვირას დაიკავა, მწვრთნელის ასისტენტად ბრუნდება.
ჯონ ვან სხიპი 60 წლისაა. თამაშობდა „აიაქსში“ (1981-1992), შემდეგ – „ჯენოაში“. აქტიური საფეხბურთო კარიერის შემდეგ იყო ახალგაზრდული გუნდების მწვრთნელი და მწვრთნელის ასისტენტი „აიაქსში“ (1997-2001, 2002–2004), „ტვენტეს“ მთავარი მწვრთნელი. 2004 წლის ზაფხულში ნიდერლანდების ნაკრების ყოფილი მოთამაშე (41 საერთაშორისო მატჩი) დაინიშნა ეროვნული გუნდის მწვრთნელის ასისტენტად.
2008 წელს ვან სხიპი კვლავ „აიაქსში“ დაბრუნდა, ამჯერად პირველი გუნდის მწვრთნელის ასისტენტად. 2009 წლის ბოლოდან იყო ტექნიკური დირექტორი „მელბურნ ჰარტში“, შემდეგ „ჩივას გვადალახარას“ და „მელბურნ სიტის“ მთავარი მწვრთნელი. 2017 წელს ის დაბრუნდა ჰოლანდიაში „ზვოლეს“ მთავარ მწვრთნელად. 2019 წლიდან 2021 წლამდე მუშაობდა საბერძნეთის ნაკრების მწვრთნელად.
„მოხარული ვარ, რომ მოლაპარაკება დასრულდა და მოუთმენლად ველი ამ კლუბში მუშაობას, „აიაქსმა“ მდგომარეობა სწრაფად უნდა გამოასწოროს და მოხარული ვიქნები, რომ ამაში ჩემს წვლილს შევიტან“, – ამბობს ჯონ ვან სხიპი.