მიქაუტაძემ ნავსი გატეხა - ქართველმა ფეხბურთელმა „ოსერთან“ შეხვედრაში დუბლი შეასრულა [ვიდეო] #1TVSPORT

„ლიონში“ გადასვლის შემდეგ გიორგი მიქაუტაძემ საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა. „ოსერის“ წინააღმდეგ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა დუბლი შეასრულა. ეს მისთვის მშობლიური გუნდის რიგებში პირველი გოლები იყო.

„ლიონის“ მწვრთნელმა, პიერ საჟიმ ლიგა 1-ის მე-9 ტურში მიქაუტაძე ძირითად შემადგენლობაში ალექსანდრ ლაკაზეტის ნაცვლად ათამაშა და მანაც ნდობა გაამართლა. გიორგიმ 41-ე წუთზე პენალტი მოიპოვა. მომენტი ვიდეორეფერიზე დიდი ხნის განმავლობაში მოწმდებოდა და ქართველმა ფეხბურთელმა საჯარიმო დარტყმა 9 წუთის შემდეგ შეასრულა – 1:0.

ამის შემდეგ მიქაუტაძემ ენერგიულად შეუტია და კიდევ ორჯერ სცადა გატანა, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწია.

მეორე ნახევარი ახალი დაწყებული იყო, როდესაც ანგარიში „ლიონის“ ყოფილმა მცველმა, სინალი დიომანდემ გაათანაბრა. 62-ე წუთზე კი მიქაუტაძემ საიდ ბენრაჰმას შესანიშნავი გადაცემის შემდეგ რთული პოზიციიდან თავით ზუსტად დაარტყა და დუბლი გაიფორმა. 10 წუთში წონასწორობა ისევ დიომანდემ აღადგინა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 2:2.

ლიგა 1-ის მე-9 ტურში 4 ქართული გოლი გავიდა. დუბლი ორი დღით ადრე „სენტ ეტიენში“ ზურიკო დავითაშვილმა შეასრულა. ტოპ 5 ლიგებში ერთ ტურში ამდენი ქართული გოლი არასოდეს გასულა. საფრანგეთის ჩემპიონატში 9 მატჩის შემდეგ „ლიონი“ 14 ქულით მე-7 ადგილზეა.