მიქაუტაძემ „მეცში“ პირველად გაიტანა - ქართველმა ფრანგული გუნდის ახალი ფორმა წარადგინა [ვიდეო] #1TVSPORT
გიორგი მიქაუტაძემ სეზონი წარმატებით დაიწყო. საფრანგეთის ლიგა 2-ში დაქვეითებულმა „მეცმა“ მოსამზადებელ ეტაპზე „სედანთან“ ამხანაგური მატჩი 3:3 დაასრულა, ერთ-ერთი გოლი კი ქართველის ანგარიშზეა.
საქართველოს ნაკრების 21 წლის ფორვარდი ფრანგული გუნდის ძირითად შემადგენლობაში არ ყოფილა, მაგრამ მეორე ტაიმში გამოჩნდა და თავისი საქმე გააკეთა. 79-ე წუთზე, ანგარიში 2:2 იყო, მიქაუტაძემ მეკარეს ბურთი აართვა და „მეცი“ დააწინაურა. გიორგის კიდევ ორჯერ შეეძლო გატანა, მაგრამ ამ შანსებით ვერ ისარგებლა, ხოლო „მეცმა“ უპირატესობა ვერ შეინარჩუნა და სპარინგი 3:3 დასრულდა.
მატჩის შემდეგ „მეცმა“ ახალი სეზონის ფორმები წარადგინა, რომელშიც სამი ფეხბურთელი მონაწილეობდა, მათ შორის ქართველი ფორვარდი, რომელიც გუნდს ბელგიურ „სერენში“ გატარებული ორი შესანიშნავი სეზონის შემდეგ დაუბრუნდა.
გიორგი მიქაუტაძე შარშან ფრანგულ კლუბში ვერ დამკვიდრდა და დაბრუნდა „სერენში“, სადაც 2020/21 წლების სეზონში პირველი ბელგიური ლიგის თანაბომბარდირი გახდა და გუნდი უმაღლეს დივიზიონში გადაიყვანა.
2021/22 წლების სეზონში კი მიქაუტაძემ პლეიოფში გატანილი მნიშვნელოვანი გოლით „სერენს“ ლიგაში ადგილი შეუნარჩუნა და „მეცმა“ მისი დაბრუნება გადაწყვიტა.