საფრანგეთის ლიგა 2-ის „მეცმა” სეზონისთვის მზადება დაიწყო – გუნდთან ერთად ვარჯიშობს გიორგი მიქაუტაძე და მისი ფორმით ამხანაგური თამაშიც ჩაატარა.
საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი 9 ივლისს „მეცში“ ლუქსემბურგის „რასინგ უნიონთან” ამხანაგურ შეხვედრაში გამოჩნდა, რომელიც ფრანგებმა 2:0 მოიგეს.
21 წლის ქართველი თავდამსხმელი საფრანგეთის ლიგა 2-ის გუნდის ძირითად შემადგენლობაში იყო და შესვენებამდე ითამაშა. მიქაუტაძე ამ 45 წუთში აქტიურობდა და თავის გამოჩენა შეეძლო, მაგრამ კარის წინ დარჩენილს მცველი გადაეღობა და გატანა ვერ მოახერხა.
მიქაუტაძე „მეცში“ ბელგიური „სერენიდან“ დაბრუნდა, სადაც ორი შესანიშნავი სეზონი გაატარა. საფრანგეთის ლიგა 2-ის სეზონი 30 ივლისს იწყება. პირველ ტურში „მეცი“ „ამიენს“ უმასპინძლებს.