გიორგი მიქაუტაძემ „ლიონში“ სამედიცინო შემოწმება გაიარა და შემდეგ კონტრაქტს გააფორმებს, – ინფორმაციას Geo Team-ი ავრცელებს.
მიქაუტაძის ტრანსფერი ივნისში „მეცმა“ „აიაქსიდან“ გამოისყიდა, მაგრამ ქართველი ფეხბურთელი ლიგა 2-ში დაქვეითებულ გუნდში დარჩენას არ აპირებდა. თავიდან ისე ჩანდა, რომ ქართველი ფეხბურთელისთვის ბრძოლა „მონაკოს“ ჰქონდა მოგებული.
ფრანგული გამოცემის, „ეკიპის“ ცნობით, სამეფო კლუბი მიქაუტაძეს თითქმის შეუთანხმდა, ხოლო „მეცს“ თანხაზე მოელაპარაკა. სამედიცინო შემოწმება და ქართველის წარდგენაც დანიშნეს, მაგრამ მიქაუტაძეს ბოლო მომენტში აზრი „ლიონმა“ შეაცვლევინა და მანაც იმ ქალაქში თამაში ამჯობინა, სადაც დაიბადა, ვარჯიში დაიწყო და რომელ გუნდშიც თამაშზე ოცნებობდა.
„ეკიპის“ მტკიცებით, მიქაუტაძეს მხოლოდ „ლიონში“ სურდა თამაში, რომელიც „მეცს“ 18 მილიონ ევროს (ბონუსების გამოკლებით) გადაუხდის, როდესაც „მონაკო“ 20 მილიონს სთავაზობდა. საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ლიონში სამედიცინო შემოწმების გასავლელად ბარსელონადან ჩავიდა, სადაც ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ისვენებდა.