მიქაუტაძემ ისევ გაიტანა - „მეცი“ დამარცხდა, მაგრამ ლიგა 1-ში დარჩენის შანსს ინარჩუნებს # 1TVSPORT
მიქაუტაძემ ისევ გაიტანა - „მეცი“ დამარცხდა, მაგრამ ლიგა 1-ში დარჩენის შანსს ინარჩუნებს # 1TVSPORT

გიორგი მიქაუტაძემ საფრანგეთის ლიგა 1-ში მორიგი გოლი გაიტანა, მაგრამ „მეცი“ „სტრასბურთან“ სტუმრად უმნიშვნელოვანეს შეხვედრაში ბოლო წუთებზე გაშვებული ბურთებით დამარცხდა – 1:2.

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა შეხვედრა „მეცის“ ძირითად შემადგენლობაში დაიწყო. მანამდე მისმა კონკურენტმა „ლე ჰავრმა“ გასვლაზე „ნიცასთან“ 0:1 წააგო.

გიორგის დასაწყისშივე ჰქონდა გოლის გატანის შანსი, მაგრამ მომენტით ვერ ისარგებლა. მატჩი დაძაბულად წარიმართა, თუმცა მეტოქეები საგოლე მომენტების შექმნას, ფაქტობრივად, ვერ ახერხებდნენ და პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა.

მეორე ტაიმიც ანალოგიური სცენარით წარიმართა. ვითარება კი 54-ე წუთზე ისევ მიქაუტაძემ შეცვალა – ქართველმა თავდამსხმელმა ბურთი საჯარიმოსთან მიიღო, მცველს გასცდა და ზუსტი დარტყმით „მეცი“ დააწინაურა. გიორგიმ 78-ე წუთზე კიდევ ერთხელ გაიბრწყინა – კონტრშეტევისას ორ მცველს შორის გაძვრა, კარგადაც დაარტყა, მაგრამ ბურთი ძელს მოხვდა.

„სტრასბურმა“თამაში მაინც შემოატრიალა – 89-ე წუთზე ემანუელ ემეგამ ანგარიში გაათანაბრა, ხოლო სამ წუთში ანდრე სანტოსმა მასპინძლებს გამარჯვება მოუტანა.

საფრანგეთის ლიგა 1-ში „მეცი“ 20 ქულით მე-16 ადგილზე დარჩა, „ლე ჰავრს“ სამი ქულით ჩამორჩება და ბოლო ტურის წინ ლიგაში ადგილის პირდაპირი გზით შენარჩუნების შანსი, ფაქტობრივად, დაკარგა. გუნდი, დიდი ალბათობით, პლეი აუტში ითამაშებს. „მეცის“ ამოცანას ის ართულებს, რომ 19 მაისს, ბოლო ტურში პსჟ-ს ხვდება.

მიქაუტაძემ ზედიზედ ექვს შეხვედრაში ექვსი გოლი გაიტანა. სულ მიმდინარე სეზონში მის ანგარიშზე 13 გოლი  და 4 საგოლე გადაცემაა. ამ მაჩვენებლით მან გია გურულის რეკორდი გააუმჯობესა, რომელიც 12 გოლით საფრანგეთში ნათამაშებ ქართველებს შორის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე იყო. მიქაუტაძე ლიგა 1-ის ბომბარდირებში მე-6 ადგილზე დაწინაურდა, მიუხედავად იმისა, რომ ნახევარი სეზონი არ უთამაშია.