მიქაუტაძემ „გრონინგენს“ გაუტანა - „მეცი“ ესპანეთში ემზადება [ვიდეო] #1TVSPORT
გიორგი მიქაუტაძემ მორიგი გოლი გაიტანა „მეცში“, რომელიც სეზონისთვის ესპანეთში ემზადება და ამხანაგურ შეხვედრაში ნიდერლანდურ „გრინინგენთან“ 2:3 დამარცხდა.
მურსიაში გამართული მატჩი გუნდების შეთანხმებით 120 წუთი გაგრძელდა და ტაიმები 60-60-წუთიანი იყო. ეს მწვრთნელების გადაწყვეტილება იყო, რადგან სეზონის მეორე ნახევრისთვის მომზადების დროს სურდათ, რომ ყველა ფეხბურთელისთვის სათამაში დრო მიეცათ.
საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი ფრანგული კლუბის ძირითად შემადგენლობაში იყო და 27-ე წუთზე ანგარიში გახსნა. მიქაუტაძემ ნიდერლანდელების კარში დანიშნული პენალტი უნაკლოდ გამოიყენა.
„გრონინგენმა“ ანგარიში 44-ე წუთზე გაათანაბრა, 22 წლის ქართველი შემტევი კი 61-ე წუთზე „მეცის“ მწვრთნელმა ლასლო ბოლონიმ შეცვალა. ნიდერლანდელების შემცვლელები უფრო მონდომებულები იყვნენ და მატჩი 3:2 მოიგეს.
„მეცმა“ ეს მატჩი ესპანეთში ჩასვლის შემდეგ დაგეგმა. მანამდე პირველი ამხანაგური შეხვედრა ბელგიურ „გენკთან“ 1:0 წააგო. შეკრებაზე ბოლო მატჩს კი 21 დეკემბერს გერმანიის ლიგა 3-ის ლიდერთან, „ელვესბერგთან“ გამართავს.
მიქაუტაძის გუნდი სეზონს 27 დეკემბერს განაახლებს და საშინაო მატჩში „ნორს“ უმასპინძლებს, წლის ბოლო შეხვედრას კი 31 დეკემბერს გასვლაზე გამართავს „გრენობლთან“, სადაც გიორგი კოხრეიძე ირიცხება, მაგრამ არ თამაშობს.