გიორგი მიქაუტაძემ უგოლო პაუზის შემდეგ თავის გამოჩენა ისევ მოახერხა. 20 წლის ქართველმა თავდამსხმელმა „სერენის“ შემადგენლობაში გოლი ამხანაგური მატჩში გაიტანა.
„სერენი“, რომელიც ბელგიის პროქსიმუს ლიგაში (პირველი ლიგა) მეორე ადგილზეა და ბელგიის მთავარ დივიზიონში გადასასვლელად იბრძვის, „გენკის“ ახალგაზრდულ გუნდს დაუპირისპირდა და 2:1 დაამარცხა. მიქაუტაძის გარდა, გოლი მუსე გიემ გაიტანა, რომელიც ქართველის მსგავსად „სერენმა“ ფრანგული „მეციდან“ იჯარით დაიმატა.
შეგახსენებთ, რომ გავრცელებული ცნობის მიხედვით, გიორგი მიქაუტაძე საქართველოს პასპორტის აღებას დათანხმდა და „ჯვაროსნებს“ მარტის სანაკრებო შეკრებაზე შეუერთდება.
მიმდინარე სეზონში გიორგი მიქაუტაძემ 14 მატჩი ჩაატარა და 16 გოლით ბელგიის პირველ ლიგაში ლიდერობდა, მაგრამ დეკემბერში, ბელგიის პროქსიმუს ლიგის მე-14 ტურში ქართველი თავდამსხმელი „მოლენბეკთან“ 85-ე წუთზე მოედნიდან გააძევეს და ბელგიის საფეხბურთო კავშირის სადისციპლინო კომიტეტმა მძიმე სანქცია გამოუტანა – პროქსიმუს ლიგის საუკეთესო ბომბარდირს ოთხმატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცეს (მერე სამ მატჩამდე შეუმცირეს) და ჯარიმის სახით 1,750 ევროს გადაიხადა.
მოკლედ, მიქაუტაძემ თამაშები გააცდინა, ამით მისმა კონკურენტმა, ბრიუსელის „უნიონის“ ბელგიელმა თავდამსხმელმა, დანტე ვანზეირმა ისარგებლა და ბომბარდირთა დავაში ერთი გოლით გადაასწრო.