მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - დავითაშვილი შემდეგი ტურიდან ითამაშებს #1TVSPORT
გიორგი მიქაუტაძემ საფრანგეთის ლიგა 2-ში მორიგი მატჩი ჩაატარა – ქართველი ფეხბურთელის „მეცმა“ „ანსის“ უმასპინძლა და მხოლოდ ქულას დასჯერდა – 0:0.
გიორგი მიქაუტაძე „მეცის“ ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა. სტუმრად „როდეზთან“ მოგების (4:1) შემდეგ, სადაც ქართველმა თავდამსხმელმა დუბლს საგოლე გადაცემა დაუმატა, გუნდისგან აუტსაიდერ „ანსისთან“ კვლავ გამარჯვებას ელოდნენ, მაგრამ მოლოდინი არ გამართლდა.
ლიგა 2-ში გამართული 7 ტურის შემდეგ „მეცი“ 11 ქულით მე-7 ადგილზეა, მაგრამ მეორე ადგილზე დაწინაურების რეალური შანსი ხელიდან გაუშვა. მიქაუტაძის გუნდის მსგავსად, 11 ქულა აქვს ზურიკო დავითაშვილის ახალ გუნდს, „ბორდოს“, მაგრამ ის მე-6 ადგილზეა და ერთი მატჩი მარაგში აქვს, რომელსაც დღეს, მე-7 ტურში გასვლაზე „პარიზთან“ გამართავს.
გუნდმა 2 სექტემბერს დაასახელა 18-კაციანი შემადგენლობა, რომლითაც პარიზში სათამაშოდ გაემგზავრა, მაგრამ სიაში ახალწვეული დავითაშვილი არ იყო. „ბორდოში“ მის გამოჩენას შემდეგ ტურში ელიან.