მიქაუტაძე წაგებებს გაკვეთილად მიიჩნევს - ამ მატჩებმა ბევრი რამ გვასწავლა #1TVSPORT
„გენკმა“ იოლად დაამარცხა „სერენი“ (3:0) ონუაჩის ჰეთ-თრიკის წყალობით. იუპილერი პრო ლიგის მე-9 ტურში. სტუმრებმა თითქმის მთელი პირველი ტაიმი კარგად გაუძლეს მეტოქის შეტევებს, მაგრამ შესვენებამდე ცოტა ხნით ადრე გოლი გაუშვეს და მერე ვერაფერი მოახერხეს.
ამ ყველაფრის გამო საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი არ მალავს, რომ გუნდს გამოცდილება აკლია.
„ჩვენ ბელგიის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდის წინააღმდეგ ვითამაშეთ, რომელმაც დამსახურებულად გაიმარჯვა. ჩვენ კარგად ვითამაშეთ, მაგრამ პირველი გოლი გავუშვით, მერე „გენკმა“ მალე მეორეც გაგვიტანა, რამაც გაგვტეხა. აქ გამოჩნდა, რომ კონცენტრაცია და გამოცდილება დაგვაკლდა. ამიტომ უნდა ვისწავლოთ და გავიზარდოთ. ჩვენ გვჭირდებოდა გოლის გატანა, ანგარიში რომ შეგვემცირებინა და თამაშში დავბრუნებულიყავით, მაგრამ „გენკი“ ბევრად უკეთესი იყო. ისინი ძალიან კარგად იცნობენ ერთმანეთს, თამაშობენ სწრაფად და ძალიან კარგი ფეხბურთელები ჰყავთ“, – ამბობს მიქაუტაძე.
მიქაუტაძე და „სერენი“ დღეს „ზულტე-ვარეგემს“ უმასპინძლებს, სადაც ლუკა ზარანდია თამაშობს.
„სერენმა“ ზედიზედ სამი თამაში წააგო – ქართველი თავდამსხმელი იმედოვნებს, რომ გუნდი ამ წარუმატებელ სერიას დაასრულებს:
„ჩვენ სამ დიდ გუნდს შევხვდით და 9 შესაძლო ქულიდან ერთიც ვერ ავიღეთ. თუმცა, ლიეჟის „სტანდარტთან“ და „ანტვერპენთან“ ქულებს ვიმსახურებდით. ამ მატჩებმა ბევრი რამ გვასწავლა, უფრო გამოცდილები გავხდით და ახლა ვალდებულები ვართ, „ზულტე ვარეგემთან“ მოვიგოთ“.
ამ მატჩის შემდეგ გიორგი მიქაუტაძე საქართველოში გამოემგზავრება და ვილი სანიოლის გუნდში მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის კვალიფიკაციის მატჩებისთვსი მოემზადება. საქართველოს ნაკრები 9 ოქტომბერს ბათუმში საბერძნეთის ეროვნულ ნაკრებს უმასპინძლებს, ხოლო 12 ოქტომბერს პრიშტინაში კოსოვოს ესტუმრება.