მიქაუტაძე თასისთვის ბრძოლას აგრძელებს - „მეცმა“ დაბალი ლიგის „ეპინალი“ დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT
გიორგი მიქაუტაძის „მეცი“ საფრანგეთის თასის 1/32-ფინალში გავიდა. გუნდმა ერთმატჩიან რაუნდში „ეპინალი“ რთულ შეხვედრაში დაამარცხა და ტიტულისთვის ბრძოლას აგრძელებს.
გიორგი მიქაუტაძემ სწორედ ამ მატჩის გამო გამოტოვა საქართველოს ნაკრების ამხანაგური შეხვედრა მაროკოსთან, რადგან სათასო მატჩისთვის მოსამზადებლად დრო ფაქტობრივად არ რჩებოდა – 22 წლის თავდამსხმელი „მეცის“ ძირითად შემადგენლობაში იყო.
საფრანგეთის თასის 1/64-ფინალში ქართველის გუნდის მეტოქე გასვლით მატჩში საფრანგეთის რანგით მეოთხე ლიგის (ნაციონალ 2) გუნდი იყო. ამის მიუხედავად, „ეპინალმა“ „მეცს“ დიდი წინააღმდეგობა გაუწია.
„მეცი“ მთელი მატჩის განმავლობაში დიდ სათამაშო უპირატესობას ფლობდა, მაგრამ მასპინძელთა დაცვის გატეხვა მხოლოდ მატჩის ბოლოს მოახერხა. 87-ე წუთზე ლენი ჯოზეფმა „ეპინალს“ გადამწყვეტი გოლი გაუტანა, „მეცმა“ 1:0 გაიმარჯვა და თასის 1/32-ფინალში გავიდა.