მიქაუტაძე თანაგუნდელმა და მედიამ დაიცვა - ის წელს ბევრს გაიტანს #1TVSPORT
„ლიონის“ ქართველი ახალწვეული, რომელმაც ლიგა1-ის სასტარტო ტურში „რენთან“ გასვლაზე (0:3) პენალტით და სადებიუტო შეხვედრის გოლით აღნიშვნის შანსით ვერ ისარგებლა, თანაგუნდელმა საიდ ბენრაჰმამ დაიცვა.
„როცა ბურთს კარში შესვლა არ უნდა, ვერაფერს აკეთებ. ყველა გუნდი მარცხდება – ესაა ფეხბურთი. მიქაუტაძე კი პროფესიონალია, თავს ასწევს და წელს ბევრს გაიტანს. დასანანია, რომ ეს პირველივე ტურში ვერ მოახერხა, მაგრამ გოლები აუცილებლად მოვა, რადგან ჩვენ ჯერ მხოლოდ სეზონის პირველი მატჩი ჩავატარეთ“, – განაცხადა „ლიონის“ ალჟირელმა ფეხბურთელმა.
ქართველ ფეხბურთელს ამხნევებს გამოცემა Footmercato-ს ჟურნალისტი, რომელიც წერს, რომ ევროპის ჩემპიონატის თანაბომბარდირისგან გოლებს შემდეგ ტურებში ელის.
„ლიონის“ სატრანსფერო „ფანჯრის“ ფლაგმანი, გიორგი მიქაუტაძე თავის პირველ კლუბში ევრო 2024-ზე ბრწყინვალე გამოსვლის და „მეცში“ გატარებული შესანიშნავი სეზონის შემდეგ დაბრუნდა. „ლიონთან“ ერთად, ქართველ ფეხბურთელს (ლიგა1-ში 29 მატჩი, 13 გოლი) სურს აჩვენოს, რომ გუნდში მნიშვნელოვანი ფიგურა შეუძლია იყოს.
მან 69 ნომერი აირჩია რონის დეპარტამენტის პატივსაცემად. „ლიონის“ მკვიდრს გუნდის მხარდამჭერები მოუთმენლად ელიან. „აიაქსის“ ყოფილ ფეხბურთელს საშუალება ექნება, ისინი შაბათს გაახაროს, როდესაც მისი გუნდი შინ „მონაკოს“ დაუპირისპირდება“, – წერს გამოცემა Footmercato.