ბელგიის ჯუპილერ ლიგის „სერენის“ ესპანელმა მთავარმა მწვრთნელმა, ჟორდი კონდომმა ეროვნულ ნაკრებებში გაშვებულ იმ მოთამაშეებზე ილაპარაკა, რომლებიც გუნდს ტრავმირებულები დაუბრუნდნენ და მათ შორის, გიორგი მიქაუტაძეც ახსენა.
საბედნიეროდ, საქართველოს ნაკრების თავდამსხმელის დაზიანება სერიოზული არ აღმოჩნდა. კონდომის თქმით, სავარაუდოდ, 21 წლის ქართველი თავდამსხმელი შაბათს ბრიუსელის „უნიონთან“ მატჩზე გუნდთან ერთად გაემგზავრება.
მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში „სერენის“ ორი თავდამსხმელი დაშავდა – კონგოს ნაკრების წევრი მორგან პოატა და საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე.
„საბედნიეროდ, ორივესთვის ეს მხოლოდ მსუბუქი ტრავმები აღმოჩნდა. პოატმა ორჯერ გადაიღო მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია კონგოსა და ბელგიაში, და სერიოზული არაფერი სჭირს. ასევე, არაფერი სერიოზული არ სჭირს მიქაუტაძეს. ამიტომ, ისინი გუნდთან ერთად არიან და ემზადებიან, რათა „უნიონს“ დაუპირისპირდნენ“, – ამბობს „სერენის“ მწვრთნელი.
გიორგი მიქაუტაძემ საქართველოს ეროვნულ ნაკრებში საბერძნეთთან მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მე-6 ტურის მატჩი საბერძნეთთან ითამაშა, მაგრამ მიღებული დაზიანების გამო, კოსოვოს მხარესთან მოგებული (1:2) მომდევნო მატჩი გამოტოვა.