გიორგი მიქაუტაძემ „სერენი“ დატოვა, რომელმაც ლიგაში ადგილი პლეი ოფში ქართველის გატანილი ერთადერთი გოლით შეინარჩუნა. ამის შესახებ ინფორმაცია ქართველმა თავდამსხმელმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
„სეზონი დასრულდა. დავრჩით ბელგიის 1 დივიზიონში. მადლობა ყველას თქვენი შეტყობინებებისთვის, მადლობა ფანებს, მადლობა „სერენს“ ამ ორი შესანიშნავი სეზონისთვის“, – წერს გიორგი მიქაუტაძე.
ქართველმა ფეხბურთელმა „სერენში“ გატარებულ ორ სეზონში გუნდის ფორმა 56 თამაშში მოირგო, გაიტანა 36 გოლი და 4 საგოლე გადაცემა ჩაიწერა. დიდი შედეგიანობისთვის ის საერთაშორისო პორტალმა Football Talent Scout-მა ასე მონათლა – „21 წლის ქართველი კილერი“.
ამ დროს, ცნობილი გახდა, რომ „სერენი“ მთავარმა მწვრთნელმა, ჟან-ლუი გარსიამ დატოვა, რაც კლუბის პრეს-სამსახურმაც დაადასტურა. მას კიდევ ერთი წელი რჩებოდა კონტრაქტის დასრულებამდე, მაგრამ საფრანგეთში წასვლა ამჯობინა. სავარაუდოდ, გარსია ახალი სეზონიდან „მეცს“ გაწვრთნის, რომელიც საფრანგეთის ლიგა 1-დან გავარდნის რეალური კანდიდატია.
„მეცში“ ბრუნდება გიორგი მიქაუტაძეც, ისევე როგორც „სერენში“ იჯარით გაშვებული მისი სხვა თანაგუნდელები.
„საკითხავია, როგორ გაძლიერდება „მეცი“, თუ კლუბი გავა ლიგა 2-ში? თუ გიომ დიჩი, იუსუფ მასიზი, გიორგი მიქაუტაძე და აბლი ჯალოუ შარშან ლიგა 1-ისთვის საკმარისად მომწიფებულებად არ მიიჩნიეს, „მეცის“ ლიგა 2-ში დაქვეითების შემდეგ ყველაფერი შეიძლება შეიცვალოს. მიქაელ დირესტამის, იაჰია ნადრანის და იბრაჰიმა სისეს კონტრაქტები იწურება. „მეცის“ პრეზიდენტმა ბერნარდ სერინიმ თავისი სატელიტი კლუბის, „სერენის“ მიერ ბელგიურ ლიგაში ადგილის შენარჩუნებით შვება იგრძნო. მომავალ კვირას, სერენი კვლავ შეხვდება „სერენის“ პრეზიდენტს, მარიო ფრანჩის, რათა შეაფასოს და განსაზღვროს ახალ სეზონში თანამშრომლობის ძირითადი სფეროები. ასევე გაირკვევა, ჟან-ლუი გარსია „სერენის“ შემდეგ სად იმუშავებს და რა ბედი ეწევათ ბელგიიდან დაბრუნებულ მოთამაშეებს“, – წერს გამოცემა hln (Het Laatste Nieuws).