მიქაუტაძე მოედანს დაუბრუნდა - „მეცმა“ „სენტ-ეტიენი“ დაამარცხა #1TVSPORT
გიორგი მიქაუტაძე მოედანზე დაბრუნდა და „მეცის“ ძირითად შემადგენლობაში იყო „სენტ-ეტიენთან“ მატჩში, რომელიც მასპინძელთა გამარჯვებით, 3:2 დასრულდა.
საფრანგეთის ლიგა 2-ის მე-14 ტურის მატჩში, რომელიც „მეცმა“ საკუთარ მოედანზე ჩაატარა, სატურნირო ცხრილში დასაწინაურებლად მოგება სჭირდებოდა. გუნდს დაუბრუნდა საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი, რომელიც გასულ სამშაბათს საფრანგეთის თასზე დაშავდა, მაგრამ სწრაფად მომჯობინდა და მეტოქის კართან პირველი სახიფათო შეტევა მე-9 წუთზე შექმნა – ბურთს მცველი გადაეფარა და „სენტ-ეტიენი“ გადაარჩინა.
ანგარში მე-18 წუთზე „მეცმა“ გახსნა. მასპინძელთა მოწოდებული კუთხურის შემდეგ, „სენტ-ეტიენის“ თავდამსხმელმა, ჟან-ფილიპ კრასომ ბურთი საკუთარ ბადეში ჩაჭრა. სტუმრებმა ანგარიში 6 წუთში გაათანაბრეს. იბრაჰიმა ვაჯიმ შესანიშნავი რეიდი ზუსტი დარტყმით დააგვირგვინა. თუმცა, ტაიმი მასპინძლებმა 39-ე წუთზე კევინ ნდორამის გოლით მაინც მოიგეს – 2:1.
მეორე ნახევარში „მეცმა“ უპირატესობა გაიზარდა. მე-60 წუთზე მეტიუ უდოლმა უძლიერესი დარტყმით „სენტ-ეტიენის“ კარი მესამედ აიღო. მე-80 წუთზე მასპინძელთა მწვრთნელმა, ლასლო ბოლონიმ მიქაუტაძე შეცვალა, 90+4-ე წუთზე კი საბოლოო ანგარიში „სენტ-ეტიენის“ მოთამაშე მაიკლ ნადემ დააფიქსირა – 3:2.
საბოლოოდ, „მეცმა“ საქმე გამარჯვებამდე მიიყვანა, 14 ტურის შემდეგ 18 ქულა დააგროვა და მე-11 პოზიციაზე დაწინაურდა.