მიქაუტაძე „აიაქსმა“ თადარიგში დატოვა - ობამეიანგის ჰეთ-თრიქით და შედევრით „მარსელი“ გალიდერდა [ვიდეო] #1TVSPORT
ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპის მეხუთე ტურში გიორგი მიქაუტაძის „აიაქსი“ „მარსელს“ ესტუმრა, 4:3 დამარცხდა და ჯგუფიდან გასვლის შანსი დაკარგა.
საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი „აიაქსის“ სათადარიგოებში იყო და არ უთამაშია. პირველ ტაიმში „მარსელი“ ორჯერ დაწინაურდა და „აიაქსმა“ ანგარიში ორჯერვე გაათანაბრა. „მარსელის“ გაბონელი თავდამსხმელის, პიერ-ემერიკ ობამეიანგის (9 – პენალტი) და ჩანსელ მბემბას (26) გოლებს ამსტერდამელებმა ბრაინ ბრობის დუბლით (10, 30) უპასუხეს. სტუმართა ორივე გოლი სტივენ ბერგჰუისის გადაცემით გავიდა.
მეორე ნახევარში „მარსელი“ ისევ დაწინაურდა: 47-ე წუთზე, ფრანგების გაბონელმა თავდამსხმელმა პიერ-ემერიკ ობამეიანგმა მაკრატელათი ტურნირის ერთ-ერთი საუკეთესო გოლი გაიტანა.
63-ე წუთზე „აიაქსი“ კაცნაკლული დარჩა – უხეშობისთვის არბიტრმა მოედნიდან სტივენ ბერგჰუისი გააძევა. ათი კაცით დარჩენილმა „აიაქსმა“ შეძლო და ანგარიში მესამედ გაათანაბრა. მე-80 წუთზე კრისტიან ჰლინსონის ფლანგური გადაცემა თავური დარტყმით ჩუბა აკპომმა დააგვირგვინა 3:3. თუმცა, მეკარის შეცდომის შემდეგ ამსტერდამელთა კარში დანიშნული პენალტი ობამეიანგმა კვლავ უნაკლოდ შეასრულ და „მარსელს“ 3 ქულა მოუტანა – 4:3.
„აიაქსმა“ 5 ტურის შემდეგ მხოლოდ 2 ქულა დააგროვა და ბოლო ტურში გამარჯვების შემთხვევაშიც შემდეგ ეტაპზე ვეღარ ითამაშებს. „მარსელმა“ (11) კი ამ გამარჯვებით „ბრაიტონს“ (10) გადაასწრო და ჯგუფში გალიდერდა.