მინუს სამი ფეხბურთელი - უკრაინასთან მატჩამდე ახალგაზრდულ ნაკრებში დანაკლისია #1TVSPORT
საქართველოს 21-წლამდე ნაკრები გორში უკრაინასთან შეხვედრას დანაკლისით შეხვდება, – ინფორმაციას საქართველოს ნაკრები გუნდების პრეს-სამსახური ავრცელებს.
ვირუსისა და მაღალი ტემპერატურის გამო, რამაზ სვანაძის გუნდს გიორგი გოჩოლეიშვილი, გიორგი წიტაიშვილი და ლევან თანდილაშვილი გამოაკლდნენ. ორი მათგანი, გიორგი გოჩოლეიშვილი და გიორგი წიტაიშვილი საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებს 16 ნოემბერს ისრაელთან გამართულ მატჩშიც ვერ დაეხმარა, რადგან 17 ნოემბერს ეროვნულ გუნდში მაროკოსთან ამხანაგური მატჩი ითამაშეს.
ანზორ მექვაბიშვილთან ერთად, გოჩოლეიშვილი და წიტაიშვილი ახალგაზრდულ ნაკრებს ამ მატჩის შემდეგ შეუერთდნენ და საწვრთნელ პროცესში მონაწილეობენ.
საქართველოსა და უკრაინის 21-წლამდე ნაკრებების შეხვედრა დღეს, 18:00 საათზე გორის „თენგიზ ბურჯანაძე არენაზე“ გაიმართება.