„დინამო თბილისი“ სამმა მოთამაშემ დატოვა – სამივე ლეგიონერია და სამივე გუნდში წელს ჩაირიცხა. გუნდი ნიდერლანდელმა მცველმა როდნი კლოუსტერმა, ტოგოელმა მცველმა საიმონ ბენიომ და სლოვაკმა თავდამსხმელმა ფილიპ ორშულამ დატოვეს.
ტოგოს ნაკრების 27 წლის საყრდენი ნახევარმცველი საიმონ ბენიო „დინამოში“ რომ ჩაირიცხა, ორწლიანი ხელშეკრულება გააფორმა, მაგრამ მხარეებმა თანამშრომლობა ვადაზე ადრე შეაჩერეს. საიმონი ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის „მირანდესში“ გამოდიოდა, მანამდე კი საფრანგეთში დაბადებული ფეხბურთელი „ეპინალის“ და „ბეზიეს“ ღირსებას იცავდა. „დინამოში“ 14 მატჩში 1 გოლი გაიტანა.
„დინამო თბილისთან“ როდნი კლოუსტერსმა (3 მატჩი) კონტრაქტი წლის ბოლომდე პლუს 2 სეზონით გააფორმა, მაგრამ „ექსელსიორის“ საფეხბურთო სკოლის აღზრდილთან (რომელიც „დორდრეხტის“, „ტრენჩინის“, „ეინდჰოვენის“, „ბოტევის“ და „ინტერ ტურკუს“ ღირსებას იცავდა) კონტარქტი აღარ გაგრძელდა.
თბილისის „დინამოში“ დიდ იმედებს უკავშირებდნენ ფილიპ ორშულასაც, რომელიც გუნდს თურქეთში სეზონისწინა მოსამზადებელ შეკრებაზე შეუერთდა და გუნდთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა. 26 წლის სლოვაკი მოთამაშე ფლანგის შემტევი ნახევარმცველი ბოლოს ტრნავას „სპარტაკში” თამაშობდა, სხვადასხვა დროს კი „მანჩესტერ სიტის” (2008-2010), „ტვენტეს” (2010-2012) ახალგაზრდულ გუნდებში გამოდიოდა. ორშულას სლოვაკეთის 19 და 21- წლამდელთა ნაკრებებშიც უთამაშია, ორჯერ – ქვეყნის ეროვნულ გუნდშიც. „დინამოში” კი 6 მატჩში ერთი გოლიც ვერ გაიტანა.