მინიშნება უეფასგან - არ დაასრულებთ ჩემპიონატს, ვერ მოხვდებით ევროთასებზე
სააგენტო „ასოშეიტედ პრესმა“ ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია გამოაქვეყნა. ის ეყრდნობა უეფას წერილს, რომელიც ევროპის ყველა ქვეყნის ფედერაციას გაეგზავნა.
უეფამ მიანიშნა იმის შესახებ, რომ არ არის სასურველი შიდა ჩემპიონატების ვადაზე ადრე დასრულება.
„იმის გამო, რომ უეფას საკლუბო ტურნირების მონაწილეები ირკვევა სრულფასოვანი საშინაო ტურნირების დასრულების შემდეგ მიღებული სპორტული შედეგებით, მათი ვადაზე ადრე დასრულება ეჭვქვეშ დააყენებს ამგვარი პირობის შესრულებას“, – წერია უეფას გზავნილში.
სხვა სიტყვებით, ლაპარაკია იმაზე, რომ ევროთასების მონაწილეები უნდა გაირკვეს მხოლოდ სრულად დასრულებული ჩემპიონატების და თასის გათამაშებების შედეგების მიხედვით. უეფას ეს წერილი მას შემდეგ გავრცელდა, რაც ბელგიის ლიგამ გამოაცხადა, რომ აღარ განაახლებს წლევანდელ ჩემპიონატს.
„ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ მომდევნო თვეებში ფეხბურთი გაგრძელდება – იმ პირობებით, რომელსაც ადგილობრივი მთავრობები განსაზღვრავენ. და ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამ ეტაპზე შიდა ტურნირების გაუქმების შესახებ ნებისმიერი გადაწყვეტილება ნაჩქარევი და გაუმართლებელია“, – ამბობს უეფა.