მინიფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატი | საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთთან ფრედ ითამაშა #1TVSPORT

19:28, 26.05.2025

საქართველოს მინიფეხბურთის ნაკრები აზერბაიჯანში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის მესამე ტურში ჩეხეთს შეხვდა და, მატჩის დასაწყისში მოპოვებული ორბურთიანი უპირატესობის მიუხედავად, მხოლოდ ფრეს დასჯერდა – 2:2.

საქართველოს მსგავსად, პლეიოფის საგზური ჩეხეთის ნაკრებსაც მოპოვებული ჰქონდა – ამ დაპირისპირებას ჯგუფის გამარჯვებული უნდა გამოევლინა.

პირველი ტაიმი დაძაბული გამოდგა, საიმედოდ თამაშობდა საქართველოს ნაკრების მეკარე კოკა სეფიაშვილი. ქართველმა ფეხბურთელებმა ანგარიში 21-ე წუთზე გახსნეს – ჩეხების შეცდომით გარი წერეთელმა ისარგებლა და ზუსტად დაარტყა – 1:0.

მეორე ტაიმში ჩეხებმა დიდი ძალებით შეუტიეს, მაგრამ მეორე გოლი მიიღეს. კარგად გათამაშებული კუთხურის შემდეგ თემურ ექიზაშვილმა უძლიერესი დარტყმით საქართველოს ნაკრების უპირატესობა ორამდე გაზარდა.

38-ე წუთზე ჩეხებმა სხვაობა მინიმუმადე შეამცირეს, 45-ე წუთზე კი ონჯეი პადერამ წონასწორობა აღადგინა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა – 2:2.

საქართველოს ნაკრებმა ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა და პლეი ოფში ევროპის ჩემპიონს, სერბეთს დაუპირისპირდება.

მსგავსი