მინი ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის პირველ შეხვედრაში საქართველომ გვატემალის ნაკრები დიდი ანგარიშით დაამარცხა #1TVSPORT
საქართველოს მინი ფეხბურთის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი მატჩი ჩაატარა. ბესო არველაძის გუნდი გვატემალას დაუპირისპირდა და მეტოქე დიდი ანგარიშით დაამარცხა – 6:0.
არაბთა გაერთიანებულ საამიროებში დაწყებულ ტურნირზე ჩვენი გუნდისთვის პირველი ტაიმი საკმაოდ რთული გამოდგა. გვატემალის ნაკრები თავს კარგად იცავდა, მაგრამ საქართველოს ნაკრებმა მეტოქეს მაინც აჯობა.
მსოფლიო ჩემპიონატზე სადებიუტო გოლი ნუგზარ გოგაშვილის ანგარიშზეა. მან მე-16 წუთზე გაიტანა, შემდეგ კი თავი გამოიჩინეს ლევან სვანიძემ, ბექა ტუღუშმა და ნიკა კოპლატაძემ. ჩვენმა გუნდმა ტაიმი 4:0 მოიგო.
საქართველოს ნაკრებმა მეორე ტაიმში უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა. მეხუთე გოლი გვატემალელებს მიხეილ თევზაძემ გაუტანა, ხოლო საბოლოო ანგარიში გიორგი ექსეულიძემ დააფიქსირა – 6:0.
მსოფლიო ჩემპიონატი 25 ოქტომბერს დაიწყო და 5 ნოემბერს დასრულდება. ტურნირში 32 გუნდი მონაწილეობს. საქართველოს ნაკრები ერთ-ერთ ურთულეს, B ჯგუფში მექსიკასთან, გვატემალასა და ირლანდიასთან ერთად გამოდის.
საქართველოს ნაკრების შემდეგი მეტოქე მოქმედი ჩემპიონი მექსიკაა, რომელიც წინა სამი ტურნირის (2015, 2017, 2019) ფინალისტია. მექსიკელებმა პირველ ტურში ირლანდია ასევე 6:0 დაამარცხეს და საქართველოსთან ერთად ჯგუფში გალიდერდნენ.
საქართველოს ნაკრების შეხვედრების განრიგი მსოფლიო ჩემპიონატზე:
28 ოქტომბერი, 18:30
მექსიკა VS საქართველო
30 ოქტომბერი, 16:00
საქართველო VS ირლანდია