მინესოტას დამაჯერებელი გამარჯვება კლივლენდთან, გოლდენ სტეიტმა ზედიზედ მეხუთე მატჩი მოიგო
გრძელდება ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული სეზონი. მიმდინარე წელს, ყველაზე დიდი სხვაობით წააგო კლივლენდმა. მოქმედი ვიცე-ჩემპიონი, მინიაპოლისში, მინესოტა „ტიმბერვულვს“ დაუპირისპირდა და 99-127 განადგურდა.
მასპინძლებმა, თავიდანვე მოიპოვეს დიდი უპირატესობა. მესამე მეოთხედის შემდეგ, მინესოტელები 34 ქულის სხვაობით ლიდერობდნენ და დარჩენილ დროს, ინტრიგა აღარ ჰქონია. გამარჯვებულ გუნდს, ენდრიუ უიგინსმა ულიდერა. კანადელმა ფორვარდმა, 25 ქულა და 6 მოხსნა გააკეთა. სამმაგ დუბლთან ახლოს იყო ჯიმი ბატლერი, რომელმაც 21 ქულა, 9 პასი და 8 მოხსნა გაიფორმა. სეზონის ერთერთი ყველაზე სუსტი მატჩი ჩაატარა ლებრონ ჯეიმსმა.“კავალიერსის“ ლიდერმა, მხოლოდ 10 ქულა და 8 მოხსნა ჩაიწერა აქტივში.
ზედიზედ მეხუთე თამაში მოიგო გოლდენ სტეიტმა. მოქმედმა ჩემპიონმა, საკუთარ „ორეკლ არენაზე“ დენვერ „ნაგეტსი“ მიიღო და 124-114 დაამარცხა. ზაზა ფაჩულიამ ძირითად ხუთეულში ითამაშა და 13 წუთში: 4 ქულა, 6 მოხსნა და 2 პასი გააკეთა. „უორიორზში“ ისევ სტეფ კარი გამოირჩა. ტრავმის მოშუშების შემდეგ, იგი საშუალოდ შეხვედრაში 34 ქულას აგროვებს. ამჯერად, გოლდენ სტეიტის ერთერთი ლიდერის მონაგარმა, 32 ქულა და 9 შედეგიანი გადაცემა შეადგინა. დრეიმონდ გრინის ანგარიშზე, 23 ქულა და 10 პასია. გოლდენ სტეიტი, დასავლეთ კონფერენციაში ლიდერობას განაგრძობს.