„მინესოტამ“ მოუგებელი მატჩების სერია შეწყვიტა, „გოლდენ სტეიტმა“ ოვერტაიმში წააგო
10:42, 13.11.2018
მორიგი შეხვედრები გაიმართა ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA). ხუთ მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა „მინესოტა ტიმბერვულვზმა“ რომელმაც საკუთარ „თარგეთ ცენტრში“ ბრუკლინის „ნეტსი“ მიიღო და ანგარიშით 120-113 დაამარცხა. ხანგრძლივი პაუზის შემდეგ „მინესოტას“ ჯეფ ტიგი დაუბრუნდა. გუნდის გამთამაშებელმა ბრუკლინის წინააღმდეგ შესანიშნავი სტატისტიკა დააფიქსირა. ტიგის მონაგარმა 24 ქულა და 11 შედეგიანი გადაცემა შეადგინა. ასევე ორმაგი დუბლით გამოირჩა კარლ ენტონი თაუნსი, რომელმაც 25 ქულასთან ერთად 21 ჯერ მოხსნა ფარიდან ასხლეტილი ბურთი. სტუმართა შორის დეანჯელო რასელი გამოირჩა – 31 ქულით და 6 პასით. ამ გამარჯვების მიუხედავად, „ტიმბერვულვზი“ დასავლეთ კონფერენციაში ჯერჯერობით აუტსაიდერთა შორის იმყოფება. ტომ ტიბოდოს გუნდი მორიგ მატჩს საკუთარ დარბაზში „პელიკანსის“ წინააღმდეგ გამართავს.
მიმდინარე სეზონში მესამე თამაში წააგო „გოლდენ სტეიტმა“. სტივ კერის გუნდი სტუმრად „ლოს ანჯელეს კლიპერსთან“ დამარცხდა. სტეფ კარის გარეშე მოთამაშე „უორიორზმა“ „სტეიპლ ცენტრში“ დაძაბული მატჩი დათმო. ძირითადმა დრომ გამარჯვებული ვერ გამოავლინა (106-106) და დამატებული დროც თანაბარი გამოდგა, თუმცა ბოლო წამებზე მასპინძლებს უფრო გაუმართლად. 13 წამით ადრე ლუ უილიამსმა სამიდან სამი საჯარიმო ტყორცნა გამოიყენა. სწორედ ეს ეპიზოდი გამოდგა შეხვედრაში გადამწყვეტი და საბოლოოდ კალიფორნიელებმა 121-116 მოიგეს. დოკ რივერსის გუნდს უილამსმა ულიდერა 25 ქულით. „გოლდენ სტეიტის“ შემადგენლობაში სამმაგი დუბლი გააკეთა კევინ დიურანტმა: ოკლენდელთა ერთერთმა ლიდერმა 33 ქულა, 11 მოხსნა და 10 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. მარცხის მიუხედავად, „გოლდენ სტეიტ უორიორზი“ დასავლეთ კონფერენციაში ლიდერობას ინარჩუნებს, თუმცა იქვეა „პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსი“ რომელიც მომქედ ჩემპიონს მხოლოდ ერთი მოგებით ჩამორჩება. რაც შეეხება „კლიპერსს“, ლოს ანჯელესის კლუბი მეოთხე პოზიციაზე ავიდა.