საფეხბურთო კლუბ „თელავში“ მნიშვნელოვანი ცვლილებაა. გუნდი მთავარმა მწვრთნელმა, ვარდან მინასიანმა დატოვა. ის გიორგი მიქაძემ შეცვალა, რომელიც გუნდში ორი წლის წინ წარმატებით მუშაობდა.
„საფეხბურთო კლუბი „თელავი“, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, მთავარ მწვრთნელს, ვარდან მინასიანს დაემშვიდობა. გუნდი მისმა თანაშემწეებმაც, არტაკ ოსეიანმა (პირველი ასისტენტი) და არტურ მკრტჩიანმაც (ფიზმომზადების მწვრთნელი) დატოვეს. ჩვენი კლუბი მადლობას უხდის ვარდან მინასიანსა და მის თანაშემწეებს გაწეული სამსახურისთვის, სამომავლოდ კი ყოველივე საუკეთესოს უსურვებს.
რაც შეეხება ახალი მთავარი მწვრთნელის ვინაობას, გუნდს გიორგი მიქაძე გაწვრთნის. მიქაძე 1980 წლის 21 მარტს დაიბადა თბილისში და ჩვენს გუნდს ორი წლის წინაც წვრთნიდა. მას თანაშემწეებად კვლავ სერგი ორბელაძე, ლევან ყუფარაძე და გიორგი მაკასარაშვილი ეყოლება, მეკარეებს თამაზ ოდიკაძე გაწვრთნის, ხოლო ანალიტიკოსად ანდრო გიორგობიანი იმუშავებს.
წარმატებები, ბატონო გიორგი. წარმატებები, სერგი, ლევან და გიორგი – ფეხბედნიერი იყოს თქვენი დაბრუნება ჩვენს დიდ ოჯახში“, – წერია „თელავის“ პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ცნობაში.