მილუოკის პოლიციის ცნობით, აქციის მონაწილეებმა სამართალდამცველებს ბოთლები, ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლეს
მილუოკის პოლიციის ცნობით, აქციის მონაწილეებმა სამართალდამცველებს ბოთლები, ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლეს

უისკონსინის შტატის ქალაქ მილუოკიში ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გამართული აქციის მონაწილეებმა პოლიციას ბოთლები, ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლეს. საპასუხოდ, სამართალდამცველებმა მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. შესაბამის ინფორმაციას თავად მილუოკის პოლიცია ავრცელებს.

ამასთან, პოლიციის განცხადებაში აღნიშნულია, რომ სამართალდამცველებმა დემონსტრაციაზე დააკავეს პირი, რომელსაც თან ცეცხლსასროლი იარაღი ჰქონდა.

„ჩვენი უსაფრთხოებისთვის და ჩვენი მცხოვრებლების უსაფრთხოებისათვის ხალხის დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოვიყენეთ“, – ნათქვამია მილუოკის პოლიციის განცხადებაში.

პოლიციის მხრიდან ძალადობის შედეგად შავკანიანი ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებასთან დაკავშირებით საპროტესტო აქციები აშშ-ის ათობით ქალაქში იმართება. ბოლო ერთი დღის განმავლობაში დემონსტრაციებმა ძირითადად მშვიდობიანად ჩაიარა. „სიენენის“ ცნობით, პოლიციამ ცრემლსადენი აირი გამოიყენა ატლანტაში. ასევე, პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება იყო ნიუ იორკში.

აღსანიშნავია, რომ აშშ-ის რამდენიმე ქალაქში საპროტესტო აქციები კომენდანტის საათის ამოქმედების მიუხედავად გრძელდება.