„მილუოკი“ კონფერენციის ფინალს მიუახლოვდა - „ჰიუსტონმა“ სერია გაათანაბრა
„მილუოკი“ კონფერენციის ფინალს მიუახლოვდა - „ჰიუსტონმა“ სერია გაათანაბრა

„მილუოკი ბაქსი“ აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალს მიუახლოვდა. რეგულარულ სეზონში საუკეთესო შედეგის მქონე გუნდი „ბოსტონ სელტიქსს“ საერთო სერიაში ანგარიშით 3:1 ამარცხებს. ვისკონსინელებმა ლიგის ყველაზე ტიტულოვან გუნდს ზედიზედ ორი გასვლითი მატჩი მოუგეს. „თი დი გარდენში“ ჩატარებულ მატჩში ბოსტონელებმა მხოლოდ პირველი მეოთხედის მოგება შეძლეს. დარჩენილ სამ პერიოდში სტუმრები დომინირებდნენ. ამ დომინაციის მთავარი შემოქმედი იანის ანტეტუკონმპო გახდა. ბერძენმა უნივერსალმა ამჯერად 39 ქულა, 16 მოხსნა და ოთხი გადაცემა ჩაიწერა აქტივში. სტუმრებმა, წინა თამაშების მსგავსად, სამწამიანში დაჩაგრეს მეტოქე. ასევე დიდი უპირატესობა მოიპოვეს სათადარიგო მოთამაშეებმა. ყველა ამ ფაქტორის გათვალისწინებით, „ბაქსმა“ საბოლოოდ ანგარიშით 113:101 გაიმარჯვა და მეხუთე შეხვედრას საკუთარ „ფისერვ ფორუმში“ ჩაატარებს. „მილუოკი“, წარმატების შემთხვევაში, აღმოსავლეთის ფინალში იასპარეზებს.

პლეიოფის მიმდინარე ეტაპის ყველაზე საინტერესო დაპირისპირება „ჰიუსტონს“ და „გოლდენ სტეიტს“ შორის მიმდინარეობს. „როკეტსმა“ სტუმრად ანგარიშით 0:2 ჩამორჩენის შემდეგ, საკუთარ დარბაზში ზედიზედ ორი თამაში მოუგო მოქმედ ჩემპიონს და სერიაში ანგარიში გაათანაბრა. „ტოიოტა ცენტრში“ კვლავ საოცარი ატმოსფერო სუფევდა. მასპინძლები მთელი შეხვედრის განმავლობაში წინ იყვნენ, თუმცა „უორიორზმა“ არაერთხელ შეძლო შეხვედრაში ინტრიგის დაბრუნება. მატჩის დასრულებამდე ექვსი წუთით ადრე, ტექსასელები ანგარიშით 101:86 დაწინაურდნენ და თითქოს მშვიდ გამარჯვებასთან ახლოს იყვნენ, თუმცა კევინ დიურანტმა და სტეფ კარიმ „გოლდენი“ კიდევ ერთხელ დააბრუნეს მატჩში. ტრადიციულად, შეხვედრის ბოლო წამები დაძაბული გამოვიდა. ამ დრომ ძირითადად ტაქტიკური ჯარიმების ფონზე ჩაიარა. საბოლოოდ, „ჰიუსტონმა“ მაინც მოახერხა უმნიშვნელოვანესი გამარჯვების მოპოვება – 112:108. ჯეიმს ჰარდენმა მეტოქეს 38 ქულა ჩაუგდო, რასაც 10 მოხსნა და ოთხი გადაცემაც დაუმატა. კვლავ დამაჯერებელი იყო ერიკ გორდონი, რომლის ანგარიშზეც 20 ქულა დაფიქსირდა. კრის პოლმა საკუთარ გუნდს 13 ქულა, 8 მოხსნა და ხუთი გადაცემა შესძინა. სტუმართა შორის კევინ დიურანტი იყო გამორჩეული, რომელმაც 34 ქულით დაასრულა შეხვედრა. სტეფ კარიმ 30 ქულა მოიპოვა.

ამ წყვილის სერიის მეხუთე დაპირისპირება, „გოლდენ სტეიტის“ „ორეკლ არენაზე“ 9 მაისს გაიმართება.