მილტონ ჰეიგი - უკანა ხაზის განვითარებაზე ბევრს ვმუშაობთ | რაგბი ევროპა
„რაგბი ევროპის ჩემპიონატის“ მესამე ტურში „ბორჯღალოსნები“ ბრიუსელში ბელგიას ესტუმრნენ და მეტოქე ანგარიშით 46:6 დაამარცხეს.
მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა შეხვედრის მიმდინარეობაზე ისაუბრა –
„თამაშის შედეგით და ეპიზოდებში ხარისხითაც კმაყოფილი ვარ. ბურთს კარგად ვიყენებდით, მაგრამ კვლავ პრობლემა იყო დისციპლინა და უაზრო გადაცემები, რამაც რიგ შემთხვევებში თამაშის ტემპი დააგდო. ყველა შანსი რომ გამოგვეყენებინა, უფრო დიდი ანგარიშით მოვიგებდით. ასეთ გუნდებთან თამაში ყოველთვის რთულია. ბელგია დაცვის ხაზს სწრაფად სწევდა და ამან გაგვაკვირვა. მატჩს ვუყურებთ და შევეცდებით გამოვასწოროთ ის შეცდომები, რომლებიც დავუშვით“.
ჟურნალისტის კითხვაზე, რომ ქართველი მორკინალების დომინირებას ყველა ელის, თუმცა დღეს უკანახაზელებმაც კარგად ითამაშეს, ჰეიგმა განაცხადა, რომ ეს გასაკვირი არ არის, რადგან საქართველოს ნაკრები ამ კომპონენტზე ბევრს მუშაობს.
„უკანახაზის განვითარებაზე ბევრს ვმუშაობთ. ვიცით, რომ შერკინებაში ძლიერები ვართ, მაგრამ ისიც ვიცით, რომ მეტოქის დატოვებული სივრცეები აუცილებლად უნდა ავითვისოთ. ბოლო ექვსი კვირაა ამაზე ვმუშაობთ და შედეგებით კმაყოფილები ვართ“, – განაცხადა საქართველოს ნაკრების თავკაცმა.
თამაშით კმაყოფილია გუნდის კაპიტანი მერაბ შარიქაძეც.
„საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, კმაყოფილი ვარ, რადგან დიდი ანგარიშით მოვიგეთ, მაგრამ უკეთ თამაშიც შეგვეძლო. ბურთს ხშირად ვკარგავდით და ბევრ შეცდომას ვუშვებდით. მატჩის პირველ წუთებში ბელგიელებიც ძალიან კარგად იცავდნენ თავს. მომდევნო თამაშში გერმანიას ვმასპინძლობთ და ახლა კონცენტრაციას სწორედ ამ მატჩზე მოვახდენთ“, – თქვა შარიქაძემ მატჩის შემდეგ „რაგბი ევროპასთან“ (Rugby Europe) საუბრისას.