მილტონ ჰეიგი - მკაფიოდ მინდა განვაცხადო, რომ საქართველო რუსეთი არაა
იაპონიაში მიმდინარე მსოფლიო თასზე საქართველოს ნაკრებმა მეორე მატჩი გამართა და ურუგვაი ანგარიშით 33:7 დაამარცხა. მატჩის მიმდინარეობისას სტადიონის მომსახურე პერსონალმა არაერთხელ ჩართო რუსი შემსრულებლის, ვალერი მელაძის სიმღერა, რომელიც, სავარაუდოდ, მისი გვარის გამო იაპონელებმა ქართველად მიიჩნიეს.
მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების კაპიტანი, ჯაბა ბრეგვაძე და გუნდის მთავარი მწვრთნელი, მილტონ ჰეიგი აღნიშნულ ფაქტს გამოეხმაურნენ და იაპონელებს მეტი ყურადღებისკენ მოუწოდეს.
„მინდა, შანსი გამოვიყენო და თამაშის მომსახურე პერსონალს მეტი ყურადღებისკენ მოვუწოდო. მათ თამაშის მიმდინარეობისას რუსული მელოდია ბევრჯერ ჩართეს და კარგი იქნება, თუკი ამ შეცდომას აღარ გაიმეორებენ“, – განაცხადა ბრეგვაძემ.
ჰეიგმა თავისი გუნდის კაპიტანს მხარი დაუჭირა და განაცხადა, რომ საქართველო რუსეთი არაა – „თამაშისას გამოყენებული მუსიკა რუსული იყო. მკაფიოდ მინდა განვაცხადო, რომ საქართველო რუსეთი არაა. ჩვენ ენა, კულტურა და ბევრი სხვა რამ განგვასხვავებს. კარგი იქნება, თუ „მსოფლიო რაგბი“ ამ მხრივ ყურადღებას გამოიჩენს“.