საქართველო-ესპანეთის მორაგბეთა ნაკრებების მატჩამდე, რომელის დღეს ‘მიხეილ მესხზე’ გაიმართება, გუნდებმა ტრადიციული კაპიტნების ვარჯიში და პრესკონფერენციები გამართეს.
პრესკონფერენციაზე პირველები ბორჯღალოსნების მთავარი მწვრთნელი მილთონ ჰეიგი და კაპიტანი გიორგი ნემსაძე გამოცხადდნენ და რაგბი ევროპის ჩემპიონატის მესამე ტურში ჩვენი გუნდის მზადებაზე ილაპარაკეს.
„ესპანეთმა რუსეთი და რუმინეთი დაამარცხა და დაამტკიცა, რომ რაგბი ევროპის ჩემპიონატის წლევანდელ გათამაშებაში სერიოზულ ძალას წარმოადგენს. კარგად ვიცით, რას უნდა ველოდოთ მოწინააღმდეგისგან, თუმცა მთავარია, ჩვენ როგორ ვითამაშებთ. ბორჯღალოსნების მთავარი მწვრთნელის რანგში პირველი შეხვედრა სწორედ ესპანეთთან გვქონდა და გამარჯვება მასპინძლებს დარჩათ. ჩვენს ინტერესებშია, რომ რაც შეიძლება ძლიერი მეტოქეების წინააღმდეგ ვითამაშოთ, რადგან ეს განვითარებაში დაგვეხმარება. მოგვწონს თუ არა რაგბი ევროპის ჩემპიონატის დონე, ამ ტურნირზე ვთამაშობთ და იმის შანსა, რომ შევიკრიბოთ, მოვემზადოთ და 5 თამაში ჩავატაროთ. სანამ უფრო ძლიერ ტურნირში არ მიგვიღებენ, მანამდე რაგბი ევროპის ჩემპიონატს აზრი ყოველთვის ექნებ. ხვალ კი ესპანეთის ძლიერ ნაკრებს ვეთამაშებით, რომელმაც დაგვანახა თუ რა შეუძლია“ – ამბობს ჰეიგი.
ჰეიგმა რაგბი მომავალი მსოფლიო თასისთვის მზადებაზეც ილაპარაკა: “ეს 2,5 წლის წინ დავიწყეთ, როდესაც იაპონიის საგზური მოვიპოვეთ და ახლა წინ გვაქვს მზადების ურთულესი წელიწადნახევარი. 2018 წლის დასაწყისი საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა ქართული რაგბისათვის მრავალი მიმართულებით – 2 გამარჯვება ერთა თასზე; ინგლისური აღიარება და ერთობლივი ვარჯიში პლანეტის მეორე გუნდთან; 20-წლამდელთა წარმატებული ტურნე საფრანგეთში, ფრანგ ბარბაროსებთან დაგეგმილი მატჩი მაისის ბოლოს და ა.შ. 2019 წლის მსოფლიო თასზე წარმატებით საასპარეზოდ ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა ინტენსიური მოსამზადებელი პროგრამა დაგეგმა, რომელიც რაგბის კავშირმა დაამტკიცა. მის წარმატებით განხორციელებაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია დასახული მიზნის მისაღწევად. ამ ეტაპზე ჩემი მთელი ყურადღება მიმართულია სწორედ ამ პროგრამის სრულყოფილად შესრულებაზე და შესაბამისად 2019 წლის მსოფლიო თასზე დასახული მიზნის მიღწევაზე. დავიმატეთ და სრულ განაკვეთზე ავიყვანეთ ორი მაღალი დონის სპეციალისტი. ახლა ჩვენი სამწვრთნელო შტაბი ისევეა დაკომპლექტებული, როგორც ტიერ1-ის ნებისმიერი ქვეყნის ნაკრების სამწვრთნელო შტაბი”
„იმისათვის, რომ ჩვენი გეგმები მაქსიმალური სიზუსტით იქნეს განხორციელებული, დღესდღეობით მხოლოდ რაგბის კავშირის ხელთ არსებული რესურსი საკმარისი არაა – საჭიროა ქვეყნის მხარდაჭერა, უპირველესად, სახელმწიფოსა და კერძო სექტორის მხრიდან, რაც გულისხმობს პროგრამის შესასრულებლად საჭირო ფინანსების მობილიზებას. ქართული რაგბი ქვეყნის სახეა, რომლის მხარდაჭერაც თანაბრად ყველას პასუხისმგებლობაა. საჭირო ოდენობით ფინანსების მობილიზება მოგვცემს შანსს მყარად დავმკვიდრდეთ ელიტის სიახლოვეს და მომავალში კიდევ უფრო მეტ წარმატებას მივაღწიოთ. პროგრესის გზაზე გაჩერება კი კრახის დასაწყისი იქნება. მერწმუნეთ, საქართველო თავისი პოტენციალის რეალიზაციის შემთხვევაში ბევრად მაღალ ადგილს იმსახურებს სარაგბო ელიტაში“ – აღნიშნა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა.
ბორჯღალოსანთა კაპიტანი გიორგი ნემსაძე, რომელიც ხვალ 79-ე სანაკრებო თამაშს ჩააატარებს. ის თვლის, რომ გუნდი ესპანეთისთვის კარგად მოემზადა: „ბოლო წლებში, ესპანეთი ჩვენთვის უხერხულ მეტოქედ ჩამოყალიბდა -განსაკუთრებით, რამდენჯერმე გასვლაზე გაგვიჭირდა. მიუხედავად ამისა, დღევანდელ ვითარებაში, არამგონია, ისინი ჩვენთვის განსაკუთრებულ საფრთხეს წარმოადგენდნენ. მომავალი მატჩისთვის კარგი მზადება გავიარეთ და ვფიქრობ, კარგ ფორმაში ვიმყოფებით“.
სანტიაგო სანტოსი, ‘ესპანეთი მთავარი მწვრთნელი: “ესპანური რაგბი ყველა მიმართულებით სწრაფად ვითარდება. ეს იგრძნობა არა მხოლოდ ეროვნული ნაკრების თამაშსა და შედეგებში, არამედ შიდა ჩემპიონატში და საფესტივალო რაგბში. მეტი ყურადღება გვაქვს სახელმწიფოს, მედიისა და გულშემატკივრების მხრიდან. ადრე გვქონდა პრობლემები და ყველა ლეგიონერის თამაშისთვის ჩამოყვანას ვერ ვახერხებდით, ახლა კი პრაქტიკულად ყოველთვის ვახერხებთ უძლიერესი შემადგენლობის თავმოყრას. რუმინეთთან თამაშის შემდეგ 23-კაციან განაცხადში 19 მოთამაშე შევცალეთ, მაგრამ ამით ჩვენი ტემპი და ხარისხი არ შეიცვლება. გვყავს 30-40 თანაბარი ხარისხის მქონე მორაგბისგან შემდგარი ბირთვი და მათგან 23 საუკეთესოს შერჩევა ყოველთვის ჭირს . ჩვენ მომავალი მსოფლიო თასისთვის ვემზადებით და ამ ბიჭებმა დაიმსახურეს, რომ მიიღონ შანსი და დაამტკიცონ საკუთარი შესაძლებლობები”.
წყარო: საქართველოს რაგბის კავშირი