ლონდონური ოჯახი, რომელიც საფეხბურთო კლუბ ‘ჩელსის’ ახალი სტადიონის აშენებას ეწინააღმდეგებოდა, კლუბისგან კომპენსაციის სახით მნიშვნელოვან თანხას მიიღებს. შეთანხმების ზუსტი დეტალები არ სახელდება, თუმცა დაუდასტურებელი ინფორმაციით თანხა მილიონ ფუნტ სტერლინგს შეადგენს.
ახალი სტადიონის აშენების პროცესში ‘ჩელსის’ ხელმძღვანელობამ მომავალი არენის სიახლოვეს მცხოვრები რამდენიმე ოჯახი ფინანსურად დააკმაყოფილა, თუმცა ერთ-ერთი მათგანი შეთავაზებული თანხით უკმაყოფილო დარჩა და დღის უდიდესი ნაწილის განმავლობაში სტადიონის ჩრდილში ცხოვრების სანაცვლოდ 20 მილიონი ფუნტი სტერლინგი მოითხოვა.
მოლაპარაკებები საკმაო ხანს გაგრძელდა და რამდენიმე დღის წინ დასრულდა. ოფიციალური ცნობით, რომან აბრამოვიჩმა კროსთვეითების ოჯახს მათ მიერ მოთხოვნილ 20 მილიონზე ბევრად ნაკლები, თუმცა იმაზე მნიშვნელოვნად მეტი გადაუხადა, რასაც თავდაპირველად სთავაზობდა. არაოფიციალური ცნობით ეს არის ერთი მილიონი ფუნტი სტერლინგი.