ესპანელი პაბლო მარი უკვე ლონდონშია და „არსენალში“ სამედიცინო შემოწმებას გაივლის.
ლონდონური გუნდი „ფლამენგოსთან“ მოლაპარაკებებს აწარმოებს, რათა 26 წლის მცველი იჯარით აიყვანოს, თუმცა სურს, რომ გარიგებაში ფეხბურთელის შეძენის შესაძლებლობის პუნქტიც შევიდეს.
პაბლო მარი ვილიარმა კარიერა „მალიორკაში“ დაიწყო, შემდეგ კი „ხიმნასტიკში“ გამოდიოდა. 2016 წელს მან კონტრაქტი „მანჩესტერ სიტისთან“ გააფორმა, თუმცა იქ ერთი მატჩიც არ ჩაუტარებია. ამის შემდეგ, „ჟირონაში“, „ნაკ ბრედასა“ და „დეპორტივო ლა კორუნიაში“ იჯარით თამაშობდა, 2019 წლიდან კი ბრაზილიაში გაემგზავრა, სადაც „ფლამენგოსთან“ გააფორმა კონტრაქტი.
თუ მარიმ და „ფლამენგომ“ „არსენალთან“ შეთანხმებას მიაღწიეს, ეს იქნება „მეთოფეების“ ახალი მწვრთნელის, მიკელ არტეტას პირველი ტრანსფერი.
„ფლამენგოში“ ყოფნისას მარი ბრაზილიის ჩემპიონი გახდა, გუნდის მიერ ჩატარებული 38 მატჩიდან 22-ში მიიღო მონაწილეობა და ორი გოლი გაიტანა.