„მილანს“, „ინტერსა“ და „ნაპოლის“ აჯობა - იტალიურ ტურნირზე „დინამო თბილისის“ აკადემია ოთხეულში მოხვდა #1TVSPORT
„მილანს“, „ინტერსა“ და „ნაპოლის“ აჯობა - იტალიურ ტურნირზე „დინამო თბილისის“ აკადემია ოთხეულში მოხვდა #1TVSPORT

„დინამო თბილისის“ აკადემიის 14 წლამდელთა გუნდი იტალიაში, კაირო მონტენოტეში დასრულებულ სანტეროს თასზე მონაწილეობდა და ტურნირი ოთხეულში დაასრულა.

სანტეროს თასზე ძლიერი შემადგენლობა შეიკრიბა. შალვა კვარაცხელიას კრებულმა 32-გუნდიან გათამაშებაში მეოთხე ადგილი დაიკავა და ისეთი მეტოქეები ჩამოიტოვა, როგორებიც „ინტერი“, „იუვენტუსი“, „ნაპოლი“, „სამპდორია“, „აუგსბურგი“, „ტორინო“ და „ატალანტა“ არიან.

„დინამომ“ თასის ჯგუფურ ეტაპზე იტალიურ „აკვის“ 4:0 მოუგო, „ბოლიასკოს“ – 6:0, ხოლო მილანის „ინტერს“ 1:0 აჯობა და ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა. მერვედფინალში თბილისელებმა „სანრემეზეს“ სძლიეს 2:0, ხოლო მეოთხედფინალში „ალესანდრიას“ პენალტების სერიაში 5:4 აჯობეს.

ქართველი ფეხბურთელები ნახევარფინალში „ჯენოას“ დაუპირისპირდნენ და დაძაბული შეხვედრა 1:2 დათმეს. გოლი გენუელთა კარში სანდრო მიქაუტაძემ გაიტანა. საბოლოოდ, ტურნირის გამარჯვებული სწორედ „ჯენოა“ გახდა, რომელმაც ფინალში გამართულ პენალტების სერიაში „მილანს“ მოუგო.

მესამე ადგილისთვის თბილისური გუნდი „მონცას“ შეხვდა და ძირითადი დრო 2:2 დაასრულა. გოლები ნიკა ძაძამიძემ და ანდრია ეკუტიძემ გაიტანეს. გამარჯვებულის გამოსავლენად პენალტების სერია დაინიშნა. თერთმეტმეტრიანები იტალიელებმა უფრო ზუსტად შეასრულეს – 5:3.

გათამაშების საუკეთესო მეკარე მათე ჭელიძე გახდა, ხოლო ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად ანდრია ეკუტიძე (ბართიშვილი) აღიარეს.

„დინამოს“ შემადგენლობა სანტეროს თასზე:

სანდრო ბიძინაშვილი, გიორგი გორგაძე, მათე ჭელიძე, სანდრო მიქაუტაძე, ანდრია ოჩიგავა, გიგა გიგაური, დავით ცქვიტაია, ნიკოლოზ ძაძამიძე, ლუკა შარიქაძე, რეზო გაზდელიანი, იოანე გოგიჩაიშვილი, საბა შარვაშიძე, ავთანდილ ხარძეიშვილი, გიორგი გერგედავა, ანდრია ჩხაიძე, ალიკა გეთიაშვილი, ანდრია ეკუტიძე, დავით კუპრეიშვილი, ერეკლე ძერყორაშვილი და ირაკლი რაზმაძე.