„მილანმა“ სეზონში პირველი ქულები დაკარგა, იბრაჰიმოვიჩმა მესამე დუბლი შეასრულა (ვიდეო)
იტალიის სერია A-ს მეხუთე ტური მილანში დასრულდა, სადაც ჩემპიონატის ლიდერი „მილანი“ „რომას“ მასპინძლობდა. „როსონერი“ ამ შეხვედრას ოთხიდან ოთხი მოგებით შეხვდა და ახლოს იყო ზედიზედ მეხუთე მოგებასთან.
მასპინძლები სამჯერ იგებდნენ შეხვედრას და „რომამ“ სამჯერ მოახერხა ანგარიშის გათანაბრება. ზლატან იბრაჰიმოვიჩმა მეორე წუთზე გახსნა ანგარიში და ეს იყო 39 წლის შვედის ყველაზე სწრაფი გოლი „მილანის“ შემადგენლობაში.
ედინ ჯეკომ მე-14 წუთზე გაათანაბრა და პირველი ტაიმი 1:1 დასრულდა. მეორე ტაიმი ბელგიელი ალექსის საელმაკერსის გოლით დაიწყო და „მილანი“ მეორედ გავიდა წინ, მაგრამ 71-ე წუთზე ანგარიში ჟორდან ვერეტუმ პენალტით გაათანაბრა. რვა წუთში 11-მეტრიანი „რომას“ კარშიც დაინიშნა და იბრაჰიმოვიჩმა მიმდინარე ჩემპიონატში მესამე დუბლი შეასრულა. სკანდინავიელი ექვსი გოლით ლიდერობს ბომბარდირთა დავას.
„მილანს“ ექვსი წუთი არ ეყო გამარჯვების შესანარჩუნებლად – 84-ე წუთზე ალბანელმა მარაშ კუმბულამ ბოლოჯერ გაათანაბრა ანგარიში – 3:3.
ორი ქულის დაკარგვის მიუხედავად, „მილანი“ 13 ქულით ლიდერობს სერია A-ს და ორი ქულით უსწრებს უახლოეს მდევრებს – „ნაპოლისა“ და „სასუოლოს“.
„მილანმა“ ამ მატჩის შემდეგ შედეგიანობის საკუთარი რეკორდი გაიმეორა – ის ზედიზედ 11 ოფიციალური მატჩია მინიმუმ ორ გოლს იტანს თამაშში. ასეთი სერია გუნდს 1959 წელს ჰქონდა.
რაც შეეხება იბრაჰიმოვიჩს, მას „მილანის“ შემადგენლობაში სერია A-ში 58 გოლი დაუგროვდა. შვედს უფრო მეტი გოლი აქვს ამ გუნდის რიგებში, ვიდრე „ინტერის“ შემადგენლობაში.