„მილანმა“ პაოლო მალდინის თანამდებობა მისცა
„მილანმა“ პაოლო მალდინის თანამდებობა მისცა

პაოლო მალდინი „მილანის“ სტრატეგიული განვითარების დირექტორად დაინიშნა.

50 წლის ვეტერან ფეხბურთელს, რომელსაც „მილანის“ წარმომადგენლები და გულშემატკივრები „ცოცხალ ლეგენდად“ მოიხსენიებენ, მთელი თავისი კარიერა ამ კლუბში აქვს გატარებული და 902 მატჩში აქვს მიღებული მონაწილეობა.

25-წლიანი კარიერის განმავლობაში, მალდინიმ თავის მშობლიურ გუნდთან ერთად შვიდჯერ მოიგო იტალიის ჩემპიონობა, ხუთჯერ – უეფას ჩეპიონთა ლიგა და ერთხელ – იტალიის თასი.

მალდინის ამ თანამდებობაზე დანიშვნამდე ერთი კვირით ადრე გუნდის გენერალურ მენეჯერად ასევე ყოფილი მილანელი – ბრაზილიელი ლეონარდო წარადგინეს.

„სიტყვებით შეუძლებელია იმის გადმოცემა, თუ რას წარმოადგენს პაოლო მალდინი მილანისთვის. მოედანზე მისი ხილვა უდიდესი პრივილეგია იყო და ბედნიერი ვარ, რომ მას ახალ როლში ვხედავ“, – განაცხადა კლუბის პრეზიდენტმა პაოლო სკარონიმ.

მალდინის, რომელიც საყოველთაოდ არის აღიარებული ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო მცველად, პროფესიული დებიუტი 17 წლის ასაკში ჰქონდა, იტალიის ნაკრებში 129 მატჩი ჩაატარა, ხოლო ფეხბურთიდან 2009 წელს წავიდა.