„პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდი მაურო იკარდი, შესაძლოა, იტალიაში დაბრუნდეს.
წყაროს ცნობით, „მილანი“ შეეცდება ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას არგენტინელი ფორვარდის შეძენას. კლუბში მიაჩნიათ, რომ ის შეადგენს ძლიერ შემტევ დუეტს ზლატან იბრაჰიმოვიჩთან, ხოლო, როცა შვედი კარიერას დაასრულებს, იკარდი გუნდის ლიდერი გახდება.
აღნიშნავენ, რომ იკარდის გადაწყვეტილებაზე შეიძლება გავლენა იქონიოს მისი ცოლისა და აგენტის ვანდა ნარას სურვილმა – დაბრუნდეს საცხოვრებლად მილანში.
იკარდის იტალიაში „ინტერის“ რიგებში უთამაშია. ის 2019 წელს „პარი სენ-ჟერმენში“ გადავიდა, ერთი სეზონის შემდეგ კი პარიზელებთან სრულფასოვანი კონტრაქტი გააფორმა 2024 წლის ივნისამდე.
ამ სეზონში 27 წლის იკარდიმ ოთხ მატჩში ორი გოლი გაიტანა. მისი სატრანსფერო ღირებულება 55 მილიონ ევროს შეადგენს.