გამოვლინდა იტალიის თასის მეორე ნახევარფინალისტი. მილანურ დერბიში, რომელშიც ნომინალური მასპინძელი “მილანი” იყო, ერთადერთი გოლი დამატებით დროში გავიდა. 19 წლის პატრიკ კუტრონემ 104-ე წუთზე გაიტანა გამარჯვების გოლი – 1:0. ეს მისი მეცხრე გოლი იყო “მილანის” შემადგენლობაში. ამ მატჩში ერთი გოლი “ინტერმაც” გაიტანა, მაგრამ ვიდეორეფერმა ივან პერიშიჩს კარის აღება არ დაუფიქსირა.
„მილანი” ნახევარფინალში რომის “ლაციოს” შეხვდება. ამ ეტაპზე გამარჯვებული ორმატჩიან დუელში გაირკვევა. პირველი შეხვედრა რომში 31 იანვარს გაიმართება, განმეორებითი – 28 თებერვალს.
სერია A-ს მატჩებს თუ ჩავთვლით, ეს იყო “ინტერის” ზედიზედ მესამე წაგება.
იტალიის თასზე დანარჩენი ორი ნახევარფინალისტი უკვე 2018 წელს გაირკვევა, როცა 2 იანვარს “ნაპოლი” და “ატალანტა” შეხვდებიან ერთმანეთს, 3 იანვარს – “იუვენტუსი”-“ტორინო”.