„მილანი“ და „ინტერი“ ერთობლივ სტადიონს ააშენებენ
„მილანი“ და „ინტერი“ ერთობლივ სტადიონს ააშენებენ

„მილანისა“ და „ინტერის“ ხელმძღვანელობა მუშაობას იწყებს ახალი სტადიონის მშენებლობაზე, – იტყობინება „ფუტბოლ იტალია“ (Football Italia). ახალი არენა რამდენიმე ასეულ მეტრში იქნება „სან სიროდან“.

მშენებლობის ინიციატორად გამოდის „მილანი“. „როსონერიმ“ უკვე მიიღო თანხმობა ქალაქის მთავრობისგან და ახლა ელოდებიან „ინტერის“ დასტურს პროექტში მონაწილეობაზე.

როგორც ირკვევა, მილანურმა კლუბებმა აღმაფრენა მიიღეს ამერიკის შეერთებულ შტატებში მგზავრობისას, სადაც იხილეს ნიუ ჯერსის შტატში „მეტლაიფ სტედიუმი“, რომელზეც თამაშობენ ამერიკული ფეხბურთის გუნდები – „ნიუ იორკ ჯაინტსი“ და „ნიუ იორკ ჯეტსი“. სწორედ ის იქნება ახალი მილანური არენის პროტოტიპი, რომელიც 60 ათას მაყურებელს დაიტევს.

ახალი სტადიონის მშენებლობის ღირებულება დაახლოებით 600 მილიონი ევრო იქნება. აღნიშნავენ, რომ ხარჯი კომპენსირდება სტადიონის კომერციულ სახელწოდებაზე უფლებების გაყიდვით – დაახლოებით 25 მილიონი ევრო წელიწადში.

შეგახსენებთ, რომ „მილანი“ და „ინტერი“ ერთ სტადიონს გასული საუკუნის 50-იანი წლებიდან იყოფენ. არენას ჰქვია „სან სირო“, როცა იქ „მილანი“ თამაშობს, და „ჯუზეპე მეაცა“, როცა თავის შეხვედრას ატარებს „ინტერი“.