მიკოლა კოვტალიუკი - საქართველოში ორივე „დინამო“ მიწვევს, პლუს - „ზორიაც“, მაგრამ სხვა ვარიანტზე ვფიქრობ
გორის „დილას“ ფორვარდმა, მიკოლა კოვტალიუკმა უკრაინულ გამოცემა „სპორტ არენასთან“ დაადასტურა, რომ უკრაინაში დაბრუნებას სთავაზობენ, მაგრამ მისი თქმით, სხვა წინადადებებზე უფრო ფიქრობს.
„უკრაინულ ფეხბურთში დაბრუნების ვარიანტი მქონდა. დიახ, მეც შემეძლო ივანისენიას გზას გავყოლოდი (რომელიც „დინამო თბილისიდან“ ლუგანსკის „ზორიაში“ გადავიდა). ეს ძალიან რეალური ვარიანტი იყო, მაგრამ ამჟამად სხვა წინადადებებზე ვამახვილებ ყურადღებას“, – ამბობს კოვტალიუკი.
25 წლის თავდამსხმელმა (რომელიც ეროვნული ლიგის 2020 წლის სეზონის საუკეთესო ბომბარდირი, თავდამსხმელი და ლეგიონერი გახდა) დააკონკრეტა, რომელი გუნდები იწვევენ და დაინტერესებულთა შორის, ქართული კლუბებიც დაასახელა.
„წინადადებები იყო თბილისის და ბათუმის „დინამოდან“. არ ვიცი, საქმე როგორ იქნება, მაგრამ „დილას“ შემდეგ საქართველოს ჩემპიონატის სხვა გუნდში თამაში არ მინდა. აჯობებს, ძალები ახალ ლიგაში მოვსინჯო. ახლა არსებობს გარკვეული მონახაზები, კერძოდ, პოლონეთში, უნგრეთში ან თურქეთში ვარიანტების იმედი მაქვს“, – თქვა კოვტალიუკმა „სპორტ არენასთან“ ინტერვიუში.