„რაც თავი მახსოვს, ფეხბურთი იმ დღიდან მიყვარს და ვთამაშობდი. ფეხბურთი მოვლენა და გართობის ერთადერთი საშუალება იყო. კვირიდან კვირამდე ხალხი ფეხბურთით ცხოვრობდა და ინტერესდებოდა – „დინამომ“ რა ქნა და როდის ითამაშებსო. ყველაზე რთული რა იყო? ორთვიანი შეკრებები!
ვლადიმერ გუცაევი, გადაცემის თანაწამყვანი: „ერთხელ მიხეილ იაკუშინმა შეკრებაზე სამი თვე წაგვიყვანა! ასეთი რამ არავის გაუკეთებია. ნოდარ ახალკაცი ორკვირიან შეკრებებს აკეთებდა, 3-4 დღით დავბრუნდებოდით და ახალ შეკრებას იწყებდა. იაკუშინმა კი ისეთი რამ გააკეთა, ბოლოს კინაღამ გავრეკეთ“.
მიხეილ ყაველაშვილი: „ამხელა შეკრების ბოლოს ფსიქოლოგიურ დაძაბულობამდე მივდიოდით. თუ საკუთარ თავს ვერ ფლობდი, მთავარი, ფეხბურთი გავიწყდებოდა, მაგრამ ბოლოს ეს გრძნობა მაინც იმარჯვებდა. ამიტომ მოსამზადებელი დრო ფეხბურთელისთვის ერთ-ერთი ყველაზე რთული პერიოდი იყო – ოჯახიდან მოშორებული ხარ, დატვირთვები, დილის 7 საათზე ადგომა, სირბილი, სამჯერადი ვარჯიშები ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად გღლის, დაქანცული სხვაზე არაფერზე ფიქრი არ გინდა… აუცილებელია, მაგრამ ამასაც ბალანსი სჭირდება“.
ვლადიმერ გუცაევი: „სხვათა შორის, ნოდარ ახალკაცი მენდობოდა. პატარა ტრავმა რომ მქონდა, მივიდოდი და ვთხოვდი, გამიშვი, რა ზღვაზე-მეთქი. გადახედავდა კალენდარს და მეტყოდა – „თამაში როდის გქვონდა, სამი დღით ადრე შეკრებაზე მზად უნდა იყოო“. ჩამოვიდოდა და არავისზე ნაკლებად მომზადებული არ ვხდებოდი“.
მიხეილ ყაველაშვილი: „ლესელიძეში სამი წელი ვემზადებოდი. მასაჟისტი იყო გივი, რომელიც ყოველ დღე დილის 7 საათზე გვაღვიძებდა. ერთხელ მიშა მესხი გააღვიძა და გადაირია – გივი, ჩვენ ხომ გვაღვიძებ 7 საათზე, შენ ვიღა გაღვძებს მე იმისო…“.
– რა იყო 2021 წელს ყველაზე დიდი მოვლენა? მესიმ არგენტინაში, კოპა ამერიკაზე გაიმარჯვა. ევროპის ჩემპიონატი, სადაც იტალია გამორჩეული იყო და შემტევი ფეხბურთით მოიგო.
-ახლა წარმატებულები არ ვართ ფეხბურთში, მაგრამ წარსულში ხომ ვიყავით, ანუ, ფეხბურთის სიყვარული და ნიჭი გვაქს. უბრალოდ, გამარჯვების გემო და ემოცია დავკარგეთ და ამას უნდა დავუბრუნდეთ. ახლა მთავარია არა ის, ერთა ლიგაზე მოვიგებ თუ ვერა, არამედ ის, ხალხს რომ მოსწონს, ისეთ ფეხბურთს თუ ვითამაშებთ, ამაზე უნდა შევთანხმდეთ. ეს ემოცია უნდა დამიბრუნო, როგორ ემოციასაც გუცაევი და ყიფიანი იწვევდა, ახალმა თაობამაც იგივე უნდა შეძლოს. ხომ გვიხარია, შვედებს რომ მოვუგეთ და შემოქმედებითი ფეხბურთი ვითამაშეთ. წარსულთან ეს გვაკავშირებს.
– ეს თუ არ მოხდება, სულ ძიებაში ვიქნებით. ჩვენი ფეხბურთი რომ დავკარგეთ, დავიწყეთ ძიება, იქნებ ესპანურმა სტილმა გვიშველოს, აბა, იტალიური ან ლობანოვსკის ტაქტიკა ვცადოთო და ა.შ. ეს ყველაფერი სისულელეა! ქართველებს საკუთარი სტილი გვაქვს და ისიც ხომ ფაქტია, მას წარმატება მოჰქონდა. ახალკაცის „დინამო“ კატენაჩოს თამაშობდა თუ რითი მოვუგეთ „ვესტ ჰემს“ და „ლივერპულს“?! არსად წასვლა არ გვინდა და ჩვენი სახე უნდა დავიბრუნოთ“.