მიხეილ ყაველაშვილი - ნაკრების ახალ მწვრთნელს უნდა ვუთხრათ, როგორი ფეხბურთია ჩვენთვის მისაღები
მიხეილ ყაველაშვილი - ნაკრების ახალ მწვრთნელს უნდა ვუთხრათ, როგორი ფეხბურთია ჩვენთვის მისაღები

როგორი მწვრთნელი სჭირდება საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს? ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „საფეხბურთო ტაიმაუტი ვლადიმირ გუცაევთან ერთად“ მიხეილ ყაველაშვილმა ილაპარაკა.

საქართველოს პარლამენტის წევრმა, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ და ვეტერანმა ფეხბურთელმა განაცხადა, რომ ამ როლში მწვრთნელის კონკრეტული ტიპი წარმოუდგენია

„ჩვენი რესურსით ახლაც გვაქვს იმის პოტენციალი, რომ ახლახანს დაკომპლექტებულ მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფში საქართველოს ნაკრები კონკურენტუნარიანი იყოს. რაც შეეხება იმას, თუ როგორი მთავარი მწვრთნელი სჭირდება საქართველოს ნაკრებს, ჩემი აზრით, ეს უნდა იყოს მასწავლებელი-მწვრთნელი“, – ამბობს ყაველაშვილი.

საქართველოს ნაკრებისა და თბილისის „დინამოს“ ყოფილი თავდამსხმელის აზრით, ახალ მწვრთნელს კონკრეტული მოთხოვნებიც უნდა ჰქონდეს.

„რომ მოგვყავს, უნდა ვუთხრათ, რომ ასეთი და ასეთია ჩვენი ისტორია, ჩვენი ფეხბურთის, მისი სახე და სტილი, ჩვენი საფეხბურთო წარმატებები და გამოცდილება. რაც მთავარია, როგორი ფეხბურთია ჩვენთვის მისაღები. ახალი მწვრთნელის და ჩვენი ხედვები თანხვედრაში უნდა იყოს, რომ ჩვენ აქცენტი შემოქმედებით ფეხბურთზე გვაქვს. ეს არის მოთხოვნა, ჩვენი ფილოსოფია და საკვანძო საკითხი. ეს ფილოსოფია ყველა ნაკრებსა და გუნდში უნდა დავნერგოთ და გვეცოდინება, რომ ესაა ჩვენი გასაღები“, – აცხადებს მიხეილ ყაველაშვილი.