საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტის“ სტუმარმა, მიხეილ ყაველაშვილმა მიმდინარე ევრო 2020-ზე, ინგლისი-ხორვატიის მატჩზე და ტურნირის საინტერესო გუნდებზე ილაპარაკა. ვეტერან ფეხბურთელს იტალიის ნაკრები ძალიან მოსწონს:
„დარწმუნებული ვარ, ის, რაც ერიკსენს მოუვიდა, ყველაზე ადამიანზე იმოქმედა. რა დატვირთვითაც დღეს პროფესიონალი ფეხბურთელები თამაშობენ, სამედიცინო მხარეს უფრო სერიოზულად უნდა მოეკიდონ. სეზონზე 60 მატჩი პროფესიულ დონეზე უამრავია და ბევრი მსგავსი შემთხვევაც გვახსენდება. ფეხბურთში დიდი დატვირთვებია და დაფიქრებაა საჭირო. ზოგ ფეხბურთელს გულის პათოლოგია ჰქონდა, ვერ შეამჩნიეს და მოედანზე გარდაიცვალა. საბედნიეროდ, ერიკსენის შემთხვევა კარგად დასრულდა, მაგრამ პროფესიული კარიერის შემდეგ, ფეხბურთელების უმრავლესობას ჯანმრთელობის პრობლემები ექმნება.
ინგლისის ნაკრები დიდი ჩემპიონატის დაწყებამდე ყოველთვის გამოირჩევა, მაგრამ ხშირად იმედს ვერ ამართლებს, ახლა კარგი თაობა ჰყავს და თუ კარგად დაიწყებს, მერე უფრო მეტს ვიტყვით, რა დონის გუნდია. ინგლისისთვის ყოველთვის უხერხული მეტოქეა ხორვატია, რომელიც ნებისმიერ ტურნირზე კარგად გამოიყურება, მაგრამ ინგლისი შეეცდება, ეს ცუდი სტატისტიკა გამოასწოროს. ეგაა, მის წევრებს სეზონზე ბევრი თამაში ჰქონდათ და შესაძლოა, ინგლისელთა გამოსვლაზე ამან გავლენა მოახდინოს.
თურქეთმა პოტენციალი რომ ვერ გამოავლინა, ეს იტალიის დამსახურებაა, რომელსაც ერთ-ერთ ფავორიტად დავასახელებ. იტალიის ნაკრები ძალიან შეკრული გუნდია, მოტივაცია და ორგანიზება არასოდეს აკლდა, მაგრამ შეტევაში ასეთი ორგანიზებული და მიზანდასახული არ მახსენდება. იტალია ადრე წარმატებას სანამ მიაღწევდა, ტურნირს ისე იწყებდა, მის გამარჯვებას ვერც წარმოიდგენდი, ახლა კი ძალიან აგრესიული შეტევა ჰყავს. ვისურვებდი, ევრო 2020-ზე დიდხანს ითამაშოს.
ძალიან საინტერესო იქნება იტალია-შვეიცარიის მატჩი. შვეიცარია ბოლო დროს კარგ ფეხბურთს თამაშობს, ძლიერი მოთამაშეები ჰყავს, დიდი ხანია ერთად გამოდიან და ამ გუნდის საქმეში ნახვა საინტერესო იქნება“.