მიხეილ ყაველაშვილი - გვჭირდება პროგრამა, რომელზეც საფეხბურთო სპეციალისტებთან ერთად, სხვა სფეროს პროფესიონალებიც იმუშავებენ
„ჩვენ გვჭირდება ფეხბურთელების აღზრდის და ფეხბურთის განვითარების პროგრამა, რომელზეც საფეხბურთო სპეციალისტებთან ერთად, სხვა სფეროს პროფესიონალებიც იმუშავებენ“, – ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „საფეხბურთო ტაიმაუტი ვლადიმერ გუცაევთან ერთად“ საქართველოს პარლამენტის წევრმა, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ვეტერანმა ფეხბურთელმა მიხეილ ყაველაშვილმა ილაპარაკა.
„ჩვენი ფეხბურთის წარსულმა გულშემატკივრებში ჩამოაყალიბა მოთხოვნის თამასა. ეს თამასა დაბლა არ უნდა დავშვათ. მაგრამ წარუმატებლობას აქვს თავისი ახსნა. ადრე, „დინამოში“ სანამ მივიდოდი, მოვლილი მქონდა ბევრი ქვეყანა და მსოფლიო დონის შეჯიბრებებზე ვთამაშობდით. ახლა კი წარუმატებლად გამოვდივართ, რადგან არის ამის მიზეზები. სამი წელი იზოლაციაში ვიყავით, შემდეგ კი, ჩემი აზრით, დამოუკიდებლობის პირველ წლებში შეცდომები დავუშვით. ახლა გვჭირდება ანალიზი, რა გზას დავადგეთ და რა ფეხბურთი ვითამაშოთ. საამისოდ იმის გახსენებაა საჭირო, რა სტილი გვქონდა, რომელიც თანამედროვე მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით უნდა განვავითაროთ. მთავარი ფეხბურთელია და აქცენტი მის აღზრდაზე უნდა გადავიტანოთ“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
ვეტერანი ფეხბურთელის თქმით, ყველა ძლიერ საფეხბურთო ქვეყანაში პროგრესს საფეხბურთო პროგრამის საფუძველზე მიაღწიეს:
„გერმანულ ფეხბურთში კრიზისი რომ იყო, დაჯდნენ და მოილაპარაკეს, რა ექნათ და შეადგინეს 10-წლიანი პროგრამა, რომლითაც უდიდეს შედეგს მიაღწიეს. ასევე მოხდა ბელგიაში, საფრანგეთში, შვეიცარიაში კი ყველაფერი ჩემს თვალწინ ხდებოდა. მაგრამ სხვისი მოდელის კოპირება უაზრობაა, ჩვენ საკუთარი პროგრამა უნდა შევადგინოთ – ეს უნდა იყოს მინიმუმ 10-წლიანი და არა ხუთწლიანი პროგრამა, სადაც მიზანი იქნება ასახული, რა გვინდა, როგორი ფეხბურთი და ამას როგორ მივაღწიოთ. ჩვენს გულშემატკივარს უნდა ლამაზი ფეხბურთიც და შედეგიც. ეს პროგრამა ფეხბურთის ფედერაციამ უნდა შეადგინოს. ასევე უნდა მოხდეს ყველა სახეობაში. ამავე დროს, უნდა იყოს გარკვეული, რა სახის როლი აქვს ფეხბურთის ქვეყნისთვის – სპორტულად, სოციალურად, ეკონომიკურად. სხვანაირად სულ ვიქნებით დამოკიდებული იმაზე, ჩაკვეტაძე და კვარაცხელია გვეყოლება თუ არა“.