მიხეილ სარჯველაძე - ხდება ისტორიის მოდელირებული გაყალბება და არჩევნებზე რაიმე სახის მნიშვნელოვანი სამართალდარღვევა არ ყოფილა​
მიხეილ სარჯველაძე - ხდება ისტორიის მოდელირებული გაყალბება და არჩევნებზე რაიმე სახის მნიშვნელოვანი სამართალდარღვევა არ ყოფილა​

თითოეული ჩვენგანი დიდი ინტერესით აკვირდება განცხადებებს ცალკეულ შესაძლო სამართალდარღვევებთან დაკავშირებით; მექმნება შთაბეჭდილება, რომ ხდება ისტორიის ერთგვარი მოდელირებული გაყალბება; სინამდვილეში, არავითარ გაყალბებას, რაიმე სახის მნიშვნელოვან სამართალდარღვევასაც კი, არჩევნებზე ადგილი არ ჰქონია, – განაცხადა „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ.

სარჯველაძე აცხადებს, რომ პროტესტის გამოხატვის უფლების განხორციელება სამართლებრივი ნორმების განუხრელად დაცვით უნდა ხდებოდეს.

„ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი“, – აცხადებს სარჯველაძე.

მიხეილ სარჯველაძემ კომენტარი გააკეთა ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს ვიზიტის დღეს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით.

„ესეც მათი უფლებაა, თუმცა არაერთხელ მითქვამს, შეფასებაზე თუ მიდგა საქმე, ნამდვილად არ მოვუწონებდი ოპოზიციურ პარტიებს, რომ ამ ფორმით და ამ მომენტში გამოხატონ პროტესტი.

არ მგონია, რომ რაიმე სახის გავლენა იქონიოს უშუალოდ ამ პროტესტმა საერთაშორისო თანამეგობრობასთან მიმართებაში, მათ პოზიციებთან დაკავშირებით, ვინაიდან მათთვის მნიშვნელოვანია ფაქტებით საუბარი“, – აღნიშნა სარჯველაძემ.

მისივე თქმით, ფაქტები ერთმნიშვნელოვნად მოწმობს, რომ ქართველმა ხალხმა გააკეთა არჩევანი და ეს სწორად არის ასახული იმ შედეგებში, რომელიც ქვეყანას აქვს.

„საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების პარტნიორული ურთიერთობა, სტრატეგიული პარტნიორობა არასდროს ისეთი მჭიდრო არ ყოფილა, როგორც დღესაა. ეს არის ჩვენი მთავრობის, ჩვენი ხელისუფლების უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი და შესაბამისად, ეს ასეც იქნება. როგორი იქნება კონფიგურაცია ამ პარტნიორობის განხორციელებისა, ამას მომავალი გვაჩვენებს და არც ისე შორს არის.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საქართველო მზად არის, გაცილებით მაღალი ხარისხის თანამშრომლობა ჰქონდეს ამერიკის შეერთებულ შტატებთან და კიდევ უფრო ეფექტიანი იყოს ჩვენი თანამშრომლობა, ერების კეთილდღეობისა და უსაფრთხოებისთვის“, – აცხადებს სარჯველაძე.