მიხეილ სააკაშვილისა და თემურ ჯანაშიას მიერ ბიუჯეტის თანხების გაფლანგვის საქმეზე კახა ბაინდურაშვილის დაკითხვა გაგრძელდება
მიხეილ სააკაშვილისა და თემურ ჯანაშიას მიერ ბიუჯეტის თანხების გაფლანგვის საქმეზე კახა ბაინდურაშვილის დაკითხვა გაგრძელდება

თბილისის საქალაქო სასამართლოში ​საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის, თემურ ჯანაშიას მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის თანხების გაფლანგვის საქმეზე კახა ბაინდურაშვილის დაკითხვა დღეს გაგრძელდება. მისი დაკითხვა 24 იანვრის სასამართლო პროცესზე სახელმწიფო ბრალდებამ დაიწყო. დღევანდელ სხდომაზე, რომელიც 15:00 საათზეა დაგეგმილი, ფინანსთა ყოფილ მინისტრს დაცვის მხარე დაკითხავს.

კახა ბაინდურაშვილი ბრალდების მხარის მოწმეა. როგორც ცნობილია, ბრალდების მიერ დასახელებულ პერიოდში კახა ბაინდურაშვილს, როგორც ფინანსთა მინისტრს, სააკაშვილთან და ჯანაშიასთან შეხვედრა ჰქონდა. წინა სხდომაზე დაკითხვისას, მხარეები მას სწორედ ამ შეხვედრასთან დაკავშირებით უსვამდნენ შეკითხვებს.

ფინანსთა ყოფილმა მინისტრმა კახა ბაინდურაშვილმა წინა სასამართლო სხდომაზე დაადასტურა, რომ მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს, ხარჯების დამალვის მიზნით, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ბიუჯეტი გაიზარდა.

პროკურატურა ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილ უფროს თემურ ჯანაშიას სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილ ცხრა მილიონამდე ლარის გაფლანგვას ედავება.