თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილი თანახმაა, რომ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სამედიცინო ექსპერტებს მოუსმინოს, რათა გადაწყვიტოს, დანიშნოს თუ არა სამედიცინო ექსპერტიზა სააკაშვილის მიმართ.
ეს მოთხოვნა დღეს გამართულ პროცესზე ადვოკატებმა დააყენეს. ადვოკატებმა მოითხოვეს, რომ მოსამართლეს „ემპათიის“ წარმომადგენლებისთვის ციხეში შესვლის უფლება მიეცა.
მოსამართლემ მიხეილ სააკაშვილის პროცესზე არყოფნის გამო სხდომა გადადო, რადგანაც მის გარეშე ადვოკატებს მტკიცებულებების გამოკვლევა არ სურდათ. პროცესზე ამ თემაზე კამათიც იყო.
სასამართლოზე თემურ ჯანაშიამ აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილზე არის ფსიქოლოგიური ზეწოლა და არაადამიანური მოპყრობა.
„უკვე რამდენიმე წელია, გრძელდება პიჯაკების საქმე. ვფიქრობ, ამ დროის განმავლობაში გონიერი აზრისგან დაცლილი იყო ეს პროცესი. მიხეილ სააკაშვილზე არის ფსიქოლოგიური ზეწოლა, არაადამიანური მოპყრობა. ის ვერ ესწრება სასამართლოს. დავაყენებთ შუამდგომლობას, რაც შეეხება მის ჯანმრთელობას. ფრაქციაში მივიღეთ გადაწყვეტილება და უახლოეს მომავალში ვიშუამდგომლებთ თავდებობაზე, რათა სამკურნალოდ წაიყვანონ უცხოეთში“, – განაცხადა თემურ ჯანაშიამ.
საქმეზე, რომელთან დაკავშირებითაც დღეს სასამართლო პროცესი გაიმართა, პროკურატურა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსს, თემურ ჯანაშიას სახელმწიფო ბიუჯეტის თანხების გაფლანგვას ედავება.