მიხეილ გიორგაძემ კონტაქტურ კარატეში ევროპის ჩემპიონატის ტრიუმფატორებს უმასპინძლა
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში ევროპის ჩემპიონატიდან დაბრუნებულ კარატისტებს უმასპინძლეს. საქართველოს კონტაქტური კარატეს ეროვნული ნაკრების წევრებსა და მთავარ მწვრთნელს მინისტრის პირველმა მოადგილემ მიხეილ გიორგაძემ და მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძემ ევროპის ჩემპიონატზე მიღწეული წარმატება მილოცეს.
ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში გამართულ ევროპირველობაზე, საქართველოს ნაკრებმა, რომელიც 9 კაცითა და 3 ქალით იყო დაკომპლექტებული, ისტორიულ შედეგს მიაღწია. ქართველმა სპორტსმენებმა 1 ოქროს, 1 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს, რის შედეგადაც ლაშა ხაჭაპურიძის გუნდი საერთო გუნდურ ჩათვლაში მხოლოდ მასპინძელ ლიეტუვის ნაკრებს ჩამორჩა და მეორე ადგილი დაიკავა. ქართველმა კარატისტებმა მსოფლიო ჩემპიონატის სალიცენზიო ქულებიც მოიპოვეს.
მიხეილ წიკლაური (75 კგ) ევროპის სამგზის ჩემპიონი (2009, 2011, 2019) გახდა, ევროპის სამგზის ჩემპიონი (2015, 2016, 2018) ანდრეი ზინჩენკო (65 კგ) ვერცხლის მედალს დაეუფლა, ხოლო ბრინჯაოს პრიზიორები სერგო მოვსესიანი (65 კგ) და ლევან ვერულიძე (95 კგ) გახდნენ.
საქართველოს დელეგაციას სამინისტროს სპორტის განვითარების დეპარტამენტის უფროსი ირაკლი დოლაბერიძე ხელმძღვანელობდა. დოლაბერიძემ ევროპის ჩემპიონატის ფარგლებში საქართველოში გასამართი 2020 წლის ევროპირველობის პრეზენტაცია წარადგინა.