მიხეილ გიორგაძე - ძალიან სერიოზულად უნდა დავფიქრდეთ ძიუდოს ჩემპიონატში ჩავარდნის მიზეზებზე [ვიდეო]

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ევროპის 2018 წლის ჩემპიონატი უმედლოდ დაასრულა. სპორტისა და კულტურის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ პირველ არხთან საუბრისას ტურნირი კრიტიკულად შეაფასა.

„თელ-ავივში დასრულდა ევროპის ჩემპიონატი ძიუდოში, რომელიც ჩვენთვის მოულოდნელად წარუმატებელი აღმოჩნდა. მე ვიტყოდი, რომ ამ შედეგებიდან გამომდინარე სერიოზული მსჯელობა მოგვიწევს ფედერაციასთან ერთად. სექტემბერში ჩვენ მსოფლიო ჩემპიონატი გველოდება და ვფიქრობ, რომ ძალიან სერიოზულად არის დასაფიქრებელი ჩავარდნის მიზეზებზე. შემდეგ კი მიზეზების აღმოფხვრაზე უნდა ვიმუშაოთ. იმედს ვიტოვებ, რომ მომდევნო საერთაშორისო შეჯიბრებები უფრო კარგი შედეგით დასრულდება და შესაბამისად, მსოფლიოს ჩემპიონატის შედეგებიც რადიკალურად განსხვავებული იქნება ევროპის ჩემპიონატის შედეგებისგან“, – განაცხადა მან.

ძიუდოს მსოფლიოს ჩემპიონატი ბაქოში, 20-27 სექტემბერს გაიმართება.