მიხეილ ბატიაშვილი - რაგბის განვითარებაში ფონდ „ქართუს“ წვლილი ძალიან დიდია
დღეს, თელავში მდებარე სარაგბო ბაზას საქართველოს პრემიერ მინისტრი მამუკა ბახტაძე, მიხეილ ბატიაშვილთან და საქართველოს რაგბის კავშირს პრეზიდენტან გოჩა სვანიძესთან ერთად ესტუმრა.
პრემიერმა ახალი სარაგბო კომპლექსი გახსნა, ახალგაზრდა მორაგბეებს გაესაუბრა და მათ თამაშს დაესწრო. თელავის სარაგბო კომპლექსი, რომლის მშენებლობაც ფონდ „ქართუს” დაფინანსებით, 2017 წელს დაიწყო, წლეულს დასრულდა და მოიცავს ერთ ბუნებრივსაფარიან და ერთ ხელოვნურსაფარიან მოედანს შესაბამისი ინფრასტრუქტურით და 2 000 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნებით. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 7,8 მილიონი ლარია. ამ დრომდე კახეთში არ არსებობდა დიდი სარაგბო კერა, რომელიც ადგილობრივ ბავშვებს ვარჯიშის და თამაშის საშუალებას მისცემდა. თანამედროვე სტანდარტებით მოწყობილი ახალი სარაგბო კომპლექსი თელავის და თელავის ირგვლივ მდებარე სოფლებში მცხოვრებ ბავშვებს, ვარჯიშის და განვითარების საუცხოო შესაძლებლობას აძლევს. ეს კი თავის მხრივ კახეთის რეგიონში რაგბის პოპულარიზაციის და აღორძინების წინაპირობაა. 2012-2018 წლებში სახელმწიფომ „რაგბის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში 71 მილიონ ლარზე მეტი გამოყო, რაც მოხმარდა ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებების მოსამზადებელ შეკრებებს, მგზავრობას და ა.შ. ხოლო ფონდმა „ქართუმ“ სტადიონებისა და საწვრთნელი ბაზების მშენებლობაზე 200 მილიონ ლარამდე დახარჯა. აშენდა და რაგბის კავშირს მართვაში გადაეცა სტადიონები და ბაზები – თბილისში, რუსთავში, მარტყოფში, ქუთაისში, გორში, ბათუმში, თელავში, ასპინძასა და ფოთში. ყველაზე დიდი ინვესტიცია დედაქალაქში განხორციელდა – თბილისს ხუთი სარაგბო კომპლექსი შეემატა.
მიხეილ ბატიაშვილი (განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი)-
„საქართველოში რაგბის განვითარება ჩვენი სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. დღეს სარაგბო ინფრასტრუქტურას კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კერა შეემატა, რომელიც კახეთის რეგიონში რაგბის განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას მოახდენს. მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ფონდ „ქართუს“, რომლის უშუალო ძალისხმევითაც ქვეყნის მასშტაბით არაერთი, თანამედროვე სტანდარტების სარაგბო ბაზა თუ მოედანი მოეწყო. ქართული რაგბი უდავოდ გახლავთ აღმავლობის გზაზე და ეს ყველაფერი, ცხადია არის სახელმწიფოს, ფონდ „ქართუს“ და რაგბის კავშირის ერთობლივი მუშაობის შედეგი. აქვე მინდა ვისარგებლო შემთხვევით, გამოვეხმაურო დღევანდელ სარაგბო დაპირისპირებას და საქართველოს ნაკრებს ტონგასთან მნიშვნელოვან შეხვედრაში წარმატება ვუსურვო“.
წყარო – საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პრესსამსახური